ირლანდიის რაგბის ნაკრებმა ზაფხულის სერიისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა ენდი ფარელმა 36-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა, რომლითაც გუნდი ავსტრალიას, იაპონიასა და ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.
სიაში სამი ისეთი მოთამაშე მოხვდა, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჯერ არ ჰქონიათ. სამივე მათგანი „კონახტის“ (Connacht) რაგბის კლუბის წარმომადგენელია: ბილი ბოჰანი, სემ ილო და შონ იანსენი. გუნდი მომზადებას ორშაბათიდან სიდნეიში იწყებს.
ბილი ბოჰანი: პერსპექტიული ბურჯი
20 წლის ბილი ბოჰანი „კონახტის“ აკადემიიდან ძირითად გუნდში მიმდინარე სეზონში დაწინაურდა. მან თავი გამოიჩინა როგორც „იუნაიტედ რაგბი ჩემპიონატში“ (URC), ისე ევროპულ საკლუბო ტურნირებზე. აღსანიშნავია, რომ ბოჰანის დებიუტი სწორედ ქართული კლუბის, „შავ ლომის“ წინააღმდეგ შედგა ევროპის ჩელენჯ თასზე.
სემ ილო: დებიუტი ნაკრებში
25 წლის სემ ილო წელს პირველად გამოიძახეს ირლანდიის უფროსთა ნაკრებში. მანამდე ის „Emerging Ireland“-ის შემადგენლობაში გამოდიოდა. ილო „კონახტის“ რიგებში 2022 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში 49 მატჩი დაუგროვდა, რაც მწვრთნელთა ნდობის მაჩვენებელია.
შონ იანსენი: ახალი ზელანდიიდან ირლანდიამდე
27 წლის შონ იანსენი ახალ ზელანდიაში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ირლანდიის ნაკრებში თამაშის უფლება წინაპრების დამსახურებით მოიპოვა. იანსენი მიმდინარე სეზონში „კონახტის“ საუკეთესო მელელე იყო 10 დადებული ლელოთი, რაც ირლანდიის ნაკრების წევრებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
იანსენი გამოირჩევა დაცვაში მუშაობითაც — მან სეზონში 219 ბოჭვა განახორციელა. მისი ჩართვა შემადგენლობაში კონკურენციას გაუწევს ისეთ გამოცდილ მორაგბეებს, როგორებიც არიან კეილან დორისი და ჯეკ კონანი.
„კონახტის“ წარმატებული სეზონი, რომელმაც გუნდს პლეი-ოფში გასვლისა და „ჩემპიონთა თასის“ საგზური მოუტანა, პირდაპირ აისახა ეროვნული ნაკრების განაცხადზე. ჯამში, ენდი ფარელმა კლუბიდან ექვსი მორაგბე გამოიძახა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.