Reuters

უგანდის ოპოზიციის ლიდერის, კისა ბესეგიეს ადვოკატი ერიას ლუკვაგო სასამართლოს წინაშე წარდგა. ყოფილი მერი, რომელიც დაკავებულ ოპოზიციონერს სახელმწიფო ღალატის საქმეზე იცავდა, თავად აღმოჩნდა მსგავსი ბრალდების სამიზნე.

ლუკვაგო კამპალას მაგისტრატურ სასამართლოში დასუსტებული გამოჩნდა. იგი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ადვოკატმა უარყო ბრალდება, რომელიც სახელმწიფო ღალატის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობას გულისხმობს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებას საზოგადოებრივი აღშფოთება მოჰყვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყნის სამხედრო ძალების მეთაურმა და პრეზიდენტის შვილმა, მუჰუზი კაინერუგაბამ, მომხდარი სოციალურ ქსელში ღიად გაახმოვანა. ოპოზიციონერი ბობი უაინის განცხადებით, ლუკვაგოს დაკავება პირდაპირ სამხედრო მეთაურის ბრძანებით მოხდა, რადგან ადვოკატი მზად იყო კაინერუგაბასთვის სასამართლო უწყება ჩაებარებინა.

„მოგიწოდებთ ყველას, წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ თავხედურ დაუსჯელობას“, — დაწერა ბობი უაინმა სოციალურ ქსელ X-ზე.

კაინერუგაბამ სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტოები, სადაც, სავარაუდოდ, ლუკვაგოა ასახული თვალახვეული, უცნობ ლოკაციაზე. სამხედრო მაღალჩინოსანმა ღიად განაცხადა, რომ ამაყობს იმ ტკივილით, რომელსაც „კრიმინალ“ ლუკვაგოს მიაყენებს.

ლუკვაგოს ოჯახმა სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, დაევალებინათ უსაფრთხოების სამსახურებისთვის ადვოკატის ადგილსამყოფელის გამჟღავნება. ოჯახი უწყებებს გატაცებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამხედრო მეთაური საჯაროდ ტრაბახობს პოლიტიკური ფიგურების წამებით.

კისა ბესეგიე, რომელსაც ლუკვაგო იცავდა, პრეზიდენტ იოვერი მუსევენის დიდი ხნის ოპონენტია. ბესეგიე, რომელიც 1999 წლამდე პრეზიდენტის პირადი ექიმი იყო, მრავალი წელია პოლიტიკურ დევნას განიცდის და არაერთხელ ყოფილა დაკავებული. 2024 წლის ბოლოს იგი კენიაში გაიტაცეს და იძულებით დააბრუნეს უგანდაში, რის შემდეგაც სახელმწიფო ღალატის მუხლით დააპატიმრეს.

Getty Images/BBC