UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა, საჯაროდ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე ილია თოფურიასთან დაგეგმილი დაპირისპირება არ შედგა. რუსი მებრძოლის თქმით, ის მზად იყო შეხვედრისთვის, თუმცა მოლაპარაკებები ქართველი მებრძოლის პოზიციამ შეაფერხა.

მოლაპარაკებების დეტალები

მახაჩევის განმარტებით, ყველაფერი მისი მენეჯერის, ალი აბდელაზიზის ზარით დაიწყო. „მან დამირეკა და მითხრა, რომ თეთრ სახლში თოფურიას წინააღმდეგ ჩხუბი იყო შემოთავაზებული. მე მაშინვე დავთანხმდი და არც კი დავინტერესებულვარ დეტალებით“, - იხსენებს მახაჩევი. მისივე თქმით, მენეჯერმა დაუდასტურა, რომ ღონისძიების სტატუსიდან გამომდინარე, ჰონორარი მაღალი იქნებოდა, რაც მისთვის დამატებითი მოტივაცია იყო.

თუმცა, მეორე დღეს ვითარება შეიცვალა. მახაჩევის თქმით, აბდელაზიზმა მას აცნობა, რომ ორთაბრძოლა გაუქმდა. მიზეზად კი თოფურიას მხრიდან „არანორმალური ჰონორარის“ მოთხოვნა დასახელდა.

კონფლიქტი ვერსიებში

აღსანიშნავია, რომ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა, მსგავსი მოლაპარაკებების არსებობა ადრეულ კომენტარებში უარყო. მიუხედავად ამისა, მახაჩევი აცხადებს, რომ ილიას მენეჯერის განცხადებები საპირისპიროს მეტყველებს. „მან თავად აღიარა, რომ UFC-მ მცირე თანხა შესთავაზა და ამიტომ თქვეს უარი. ილიას შეუძლია თქვას რაც უნდა, მაგრამ მოლაპარაკებებს მენეჯერი აწარმოებდა“, - აღნიშნა მახაჩევმა.

ტრავმის საკითხი

მახაჩევმა ასევე უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს ჩხუბის ჩაშლა მისმა ძველმა ტრავმამ გამოიწვია. „ხელის ტრავმა ნამდვილად მაწუხებს, თუმცა ოპერაციას კარიერის დასრულებამდე არ ვაპირებ. ეს დაზიანება საბრძოლო პროცესში ხელს არ მიშლის და ის ჩხუბის გაუქმების მიზეზი არ გამხდარა“, - განაცხადა სპორტსმენმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. ორთაბრძოლა თბილისის დროით 15 ივნისს გაიმართება.