კოტ-დ’ივუარის ნაკრების თავდამსხმელს, ელი ვაჰის, კანადაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების უფლება არ მისცეს. კოტ-დ’ივუარის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ცნობით, ფეხბურთელმა ვერ მიიღო შესაბამისი ადმინისტრაციული ნებართვები, რაც მას კანადის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას მისცემდა.

გუნდი შაბათს ტორონტოში გერმანიის ნაკრებს ხვდება. ვაჰი, რომელმაც ორშაბათს ფილადელფიაში ეკვადორის წინააღმდეგ გამართულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, შეერთებულ შტატებში დარჩება მანამ, სანამ გუნდი უკან დაბრუნებას არ გადაწყვეტს.

ფეხბურთელის გარშემო აგორებული სკანდალი საფრანგეთის ლიგა 1-ს უკავშირდება. მიმდინარე კვირაში საფრანგეთის ფეხბურთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მაისში, „ნიცასა“ და „მეცის“ მატჩის დროს, ვაჰის მიერ ყვითელი ბარათის მიღებაზე საეჭვოდ მაღალი ფსონები დაფიქსირდა.

საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი 29 მაისს დააკავეს კიდეც. გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული თაღლითობის, სპორტული კორუფციის, ნივთების უკანონოდ შეძენისა და ფულის გათეთრების მუხლებით. დაკითხვის შემდეგ ვაჰი გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება კვლავ აქტიურ ფაზაშია.

კოტ-დ’ივუარის ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მათ არ მიუღიათ ოფიციალური შეტყობინება ფეხბურთელის მიმართ დაწყებული სამართლებრივი პროცედურების შესახებ. ფედერაცია ვაჰის სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მას გუნდის „მნიშვნელოვან წევრად“ მოიხსენიებს.

ელი ვაჰიმ მიმდინარე სეზონში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ნიცას“ გადარჩენაში, როდესაც პლეი-ოფის მატჩებში „სენტ-ეტიენის“ წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. ფრანგული კლუბი მას გერმანული „აინტრახტიდან“ იჯარით ჰყავდა დათხოვილი.