მადრიდის „რეალმა“ მწვრთნელის პოსტზე ცვლილებები დაადასტურა. კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, „სამეფო კლუბს“ ჟოზე მოურინიო გაწვრთნის. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2029 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

გადაწყვეტილება ფლორენტინო პერესის ხელმძღვანელობით გამართულ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მადრიდელთა ახალი თავკაცი გუნდს 13 ივლისს, წინასასეზონო მომზადების დაწყების დღეს შეუერთდება.

მოურინიოს მადრიდში დაბრუნება ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. ვინაიდან პორტუგალიელი სპეციალისტი „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი იყო, მადრიდელებს მის გამოსასყიდად კომპენსაციის გადახდა მოუწიათ. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს.

რა ცვლილებებს გეგმავს მოურინიო?

„განსაკუთრებულს“ სატრანსფერო გეგმები უკვე შედგენილი აქვს. მისი პრიორიტეტი გუნდის დაცვითი ხაზის გაძლიერებაა, კერძოდ, ცენტრალური მცველისა და მარჯვენა ფლანგის პოზიციების შევსება. გარდა ამისა, მოურინიო საყრდენ ზონაში ისეთი ნახევარმცველის დამატებას ითხოვს, რომელიც თამაშის კონტროლსა და ბურთის ამოტანაზე იქნება პასუხისმგებელი.

რომანოს ცნობით, პორტუგალიელი მწვრთნელის პირველი სამიზნე ბერნარდუ სილვაა. სავარაუდოა, რომ მოურინიო „რეალის“ სათამაშო სტილის ადაპტირებას საკუთარ ტაქტიკურ ხედვებთან სწორედ ამ ტრანსფერებით შეეცდება.