ხულიან ალვარესის სახელი სატრანსფერო ბაზარზე კვლავ აქტუალურია. 26 წლის თავდამსხმელის გარშემო ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მისით დაინტერესება „ბარსელონამ“, პარი სენ-ჟერმენმა და მადრიდის „რეალმა“ საჯაროდ გამოხატეს. მიუხედავად ფართო ინტერესისა, თავად ფეხბურთელს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს — მისი ბავშვობის ოცნების კლუბი სწორედ „ბარსელონაა“.

ესპანური გამოცემა COPE-ს ინფორმაციით, ალვარესს „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან მუშაობის გაგრძელება აღარ სურს. „ბლაუგრანას“ ამ ტრანსფერში უპირატესობა აქვს, თუმცა მადრიდული მხარე საკუთარი ლიდერის იაფად დათმობას არ აპირებს.

სიტუაცია „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენსინო პერესმა გაართულა. „ატლეტიკომ“ უარი თქვა 500-მილიონიან შეთავაზებაზე, რამაც ავტომატურად გაზარდა ალვარესის საბაზრო ღირებულება. კლუბებს შორის წინასწარი შეთანხმება 150 მილიონ ევროს ითვალისწინებდა, თუმცა ამ ეტაპზე „ბარსელონას“ მხოლოდ 100-მილიონიანი წინადადება აქვს წარდგენილი. მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

რაშფორდის „ბარსელონური“ თავგადასავალი სრულდება

პარალელურად, გადაწყდა მარკუს რაშფორდის ბედი. როგორც Marca იუწყება, „ბარსელონამ“ მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოისყიდოს ინგლისელი შემტევი იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ. გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა კატალონიელებმა ამ პუნქტის გამოყენებაზე უარი თქვეს.

გადაწყვეტილებაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა: რაშფორდის არასტაბილურმა თამაშმა დაცვაში, ფეხბურთელის ასაკმა და მისმა მაღალმა ანაზღაურებამ კლუბის ბიუჯეტზე ზეწოლა მოახდინა. საკვანძო როლი ითამაშა ჰანს-დიტერ ფლიკის პოზიციამაც, რომელმაც „ნიუკასლიდან“ ენტონი გორდონის ტრანსფერის პრიორიტეტულობა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ 2025/26 წლების სეზონში მარკუს რაშფორდმა „ბარსელონას“ მაისურით 49 მატჩი გამართა, გაიტანა 14 გოლი და მიითვალა 14 საგოლე გადაცემა. მიუხედავად სტატისტიკისა, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის გაახალგაზრდავება და ფინანსური ოპტიმიზაცია არჩია.