ჯასტინ გეიჯი, რომელსაც UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და სანახაობრივ მებრძოლად იცნობენ, საკუთარი კარიერის ალტერნატიულ გზაზე ალაპარაკდა. 37 წლის სპორტსმენი, რომელიც 14 ივნისს აშშ-ის დამოუკიდებლობისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ილია თოფურიას წინააღმდეგ ოქტაგონზე გავა, აღიარებს, რომ სამხედრო სამსახური მისთვის განსაკუთრებული პატივისცემის საგანია.
„სამხედრო პირების წინაშე ბრძოლა ჩემთვის უდიდესი პატივია. ჩემი ოჯახის ბევრი წევრი მსახურობდა ჯარში, მე კი ეს გზა არ ამირჩევია, თუმცა სხვა ცხოვრებაში აუცილებლად სამხედრო ვიქნებოდი“, — განაცხადა გეიჯიმ NY Post-თან საუბარში.
მომავალი ბრძოლა გეიჯისთვის კარიერაში გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს. ის მესამედ შეეცდება მსუბუქი წონის სატიტულო ქამრის მოპოვებას. მოწინააღმდეგე კი მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურიაა, რომელიც ამ დრომდე დაუმარცხებელია.
დაძაბულობა ოქტაგონს მიღმა
მოახლოებულ დაპირისპირებას თან ახლავს სიტყვიერი შეტაკებებიც. გეიჯიმ თოფურიას მიმართ კრიტიკული კომენტარები გააკეთა, მათ შორის, მისი პირადი ცხოვრების დეტალებზეც ისაუბრა, რამაც თოფურიას მწვავე რეაქცია გამოიწვია.
„მეგონა, ჯასტინი კარგი ბიჭი იყო, მაგრამ მან პირადი საზღვრები გადაკვეთა. ჩემს პატივისცემას ის და მისი გუნდი ვეღარ დაიმსახურებენ. ოქტაგონზე ორი წუთი მყოფნის, რომ ყველას თვალწინ დაგაძინო“, — უპასუხა თოფურიამ.
UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიებაზე, რომელიც მაღალი რანგის „High Visibility“ მოვლენად არის მიჩნეული, მხოლოდ შერჩეული სამხედროები დაიშვებიან. მონაწილეებს სპეციალური ფიზიკური და პროფესიული სტანდარტების დაკმაყოფილება მოეთხოვებათ.
UFC White House-ის დაგეგმილი ბრძოლები:
- ილია თოფურია vs. ჯასტინ გეიჯი (მსუბუქი წონა)
- ალექს პერეირა vs. სირილ განე (მძიმე წონა)
- შონ ომალი vs. აიმან ზაჰაბი (მსუბუქი წონა)
- დერიკ ლუისი vs. ჯოშ ჰოკიტი (მძიმე წონა)
- მაურისიო რუფინი vs. მაიკლ ჩენდლერი (მსუბუქი წონა)
- ბო ნიკალი vs. კაილ დოკაუსი (საშუალო წონა)
- დიეგო ლოპესი vs. სტივ გარსია (ქვემსუბუქი წონა)







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.