ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი თეირანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღადგინოს დიალოგი და საერთაშორისო ინსპექტორებს ბირთვულ ობიექტებზე წვდომა მისცეს. გროსის განცხადებით, სააგენტოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ირანის ბირთვულ პროგრამაზე ზედამხედველობის ფუნქციის სრულფასოვანი აღდგენა.
ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ სააგენტოს მმართველთა საბჭოს რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდეს. დასავლეთი მოითხოვს, ირანმა ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს დაბომბილი ბირთვული ობიექტების, მათი ამჟამინდელი მდგომარეობისა და გამდიდრებული ურანის მარაგების შესახებ.
დაძაბულობა და სამხედრო ოპერაციები
ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა გასულ წელს, ე.წ. „ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის“ ფარგლებში, აშშ-ის საჰაერო თავდასხმების სამიზნე გახდა. შედეგად, ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ობიექტები დაზიანდა ან განადგურდა. მას შემდეგ მაგატეს ამ ობიექტებზე წვდომა არ ჰქონია.
ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა 28 თებერვალს დაწყებული აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი სამხედრო კამპანიის ფონზე. სააგენტოს ინსპექტირება ამჟამად მხოლოდ ბუშეჰრის ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარეობს, დანარჩენი ობიექტები კი საერთაშორისო მონიტორინგის მიღმაა დარჩენილი.
რა ბედი ეწია ურანის მარაგებს?
სააგენტოს მონაცემებით, ირანს მანამდე დაახლოებით 440 კილოგრამი 60%-მდე გამდიდრებული ურანი გააჩნდა. ექსპერტების ვარაუდით, დაბომბვების მიუხედავად, მასალის დიდი ნაწილი განადგურებას გადაურჩა, თუმცა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.
ირანის მისია მაგატეში აცხადებს, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლა და დიპლომატიური იზოლაცია პრობლემას ვერ გადაჭრის. თეირანი კვლავ ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა და უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის ამბიციებს.
რაფაელ გროსი აცხადებს, რომ თეირანთან კომუნიკაციის არხები პრაქტიკულად გაწყვეტილია, რაც რეგიონული უსაფრთხოებისთვის საგანგაშო ნიშანია.
მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებების პირობებში ინსპექტირება ტექნიკურად რთულია, სააგენტო ხაზს უსვამს დიპლომატიური დიალოგის აუცილებლობას. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია, რომ მმართველთა საბჭო რეზოლუციას დაამტკიცებს, თუმცა რჩება რისკი, რომ ეს ნაბიჯი პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს კიდევ უფრო შეაფერხებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.