მსოფლიოს ცხრა ბირთვული სახელმწიფო საკუთარი არსენალების მოდერნიზაციას და გაფართოებას აგრძელებს. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ახალი ანგარიშის თანახმად, ეს ტენდენცია გლობალურ დაძაბულობას ზრდის და აჩქარებს შეიარაღების ახალ რბოლას.

კვლევის მიხედვით, გასულ წელს ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყნების უმრავლესობამ ექსპლუატაციაში ახალი, ბირთვული ქობინებით აღჭურვილი ან ამგვარი შესაძლებლობის მქონე სისტემები შეიყვანა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოები უარს ამბობენ განიარაღების ვალდებულებებზე და აქცენტს ბირთვული პოტენციალის დემონსტრირებაზე აკეთებენ.

2026 წლის იანვრის მონაცემებით, ცხრა ბირთვულ სახელმწიფოს — ჩინეთს, საფრანგეთს, ინდოეთს, ისრაელს, ჩრდილოეთ კორეას, პაკისტანს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს — ჯამში 12 187 ბირთვული ქობინი გააჩნიათ. მათგან 9 745 სამხედრო მარაგშია შენახული.

მკვლევარების თქმით, დაახლოებით 4 012 ქობინი პირდაპირ რაკეტებსა და თვითმფრინავებზეა დაყენებული, ხოლო 2 200 ერთეული მუდმივი მზადყოფნის რეჟიმშია. ეს ნიშნავს, რომ მათი გაშვება წუთებშია შესაძლებელი. ამ კატეგორიის იარაღის უდიდესი ნაწილი რუსეთსა და აშშ-ზე მოდის.

SIPRI-ს მონაცემებით, რუსეთი და აშშ მსოფლიოს ბირთვული არსენალის 86%-ს აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ციფრები 2025 წელთან შედარებით სტაბილურია, მიმდინარე მოდერნიზაციის პროგრამები არსენალების ზრდასა და დივერსიფიკაციას უწყობს ხელს.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთს ეთმობა, რომლის ბირთვული არსენალი 600-დან 620 ქობინამდე გაიზარდა. ეს ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ასევე აგრძელებენ საკუთარი შესაძლებლობების განახლებას, საფრანგეთმა კი განაცხადა, რომ აღარ გაასაჯაროებს არსენალის ზუსტ რაოდენობას.

რეგიონულ ჭრილში, ინდოეთი და პაკისტანი განაგრძობენ როგორც ქობინების რაოდენობის ზრდას, ისე ახალი ტიპის სატრანსპორტო სისტემების განვითარებას. ისრაელი, რომელიც ოფიციალურად არ ადასტურებს ბირთვული იარაღის ფლობას, სავარაუდოდ, 90 ქობინს ფლობს და ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციას ახორციელებს.

ჩრდილოეთ კორეის არსენალი, SIPRI-ს შეფასებით, 60-მდე ქობინს მოიცავს. ფხენიანი ღიად აცხადებს მიზანს, რომ მისი ბირთვული პოტენციალი „ექსპონენციალურად“ გაიზარდოს.

ბირთვული იარაღის უსაფრთხოების გარანტად გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სტაბილურობას, — აცხადებს SIPRI-ს დირექტორი ქარიმ ჰაგაგი.