საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, კილიან მბაპე, მსოფლიო ჩემპიონატის სპეციფიკასა და იმ ფსიქოლოგიურ წნეხზე საუბრობს, რომელსაც მოთამაშეები ტურნირის მიმდინარეობისას განიცდიან.
მბაპეს თქმით, მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ფეხბურთელები იძულებულნი არიან, 60 დღის განმავლობაში იზოლირებულ გარემოში იცხოვრონ, რაც სოციალური თვალსაზრისით რთულად გადასატანია.
მზადყოფნა ტანჯვისთვის
„ორ მსოფლიო ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა და იყო მომენტები, როცა თავს უხერხულად ვგრძნობდი. თუმცა, ეს ყველაფერი მარტივი რომ ყოფილიყო, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ითამაშებდა“, - განაცხადა ფრანგმა თავდამსხმელმა.
მბაპეს მიაჩნია, რომ ისტორიის შესაქმნელად მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. მისი თქმით, მოთამაშეები უნდა იყვნენ მზად „ტანჯვისთვის“ და მოთმინების განსაკუთრებული უნარი უნდა გამოავლინონ.
„ჩვენ უმცირესობის ნაწილი ვართ. ეს სტატუსი არასდროს არ უნდა დავივიწყოთ და უნდა მივიღოთ როგორც კარგ, ისე ცუდ დროში“, - აღნიშნა მან.
მიზანი: ისტორიული გამარჯვება
საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც 2018 წელს მუნდიალი მოიგო, 2022 წელს კი ტიტულის დაცვასთან ძალიან ახლოს იყო, მიმდინარე ტურნირზეც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. მბაპეს აზრით, ფრანგებმა კარგად იციან, თუ რა არის საჭირო გამარჯვებისთვის.
„ყველა გუნდი ისტორიაში შესვლის იდეით მიემგზავრება, მაგრამ არცერთი მათგანი არ უნდა იყოს ჩვენზე მეტად მშიერი“, - დასძინა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის I ჯგუფში ნორვეგიის, სენეგალისა და ერაყის წინააღმდეგ იასპარეზებს. გუნდი ტურნირს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად შეხვდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.