ლიონელ მესიმ მორიგი ისტორიული მიღწევა ჩაიწერა აქტივში. კანზას-სიტიში გამართულ მატჩში, არგენტინის ნაკრებმა ალჟირი 3:0 დაამარცხა, მესიმ კი სამი გოლი გაიტანა. ამ შედეგით მან მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობით მიროსლავ კლოზეს რეკორდი გაიმეორა — ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე 16-16 გოლია.
ეს იყო მესის კარიერაში მე-11 ჰეთ-თრიკი სანაკრებო დონეზე, თუმცა პირველი — მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. 38 წლის ასაკში ის გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც ერთ მატჩში სამი გოლის გატანა შეძლო. მატჩის დასრულების შემდეგ მესიმ აღნიშნა, რომ სტატისტიკა მისთვის მეორეხარისხოვანია და მთავარი გუნდური წარმატებაა.
„ეს არის პატივი, ვიყო ისეთ ლეგენდებთან ერთად, როგორებიც კლოზე და რონალდო არიან, თუმცა ეს ჩემთვის მხოლოდ ციფრებია. მთავარია გუნდის გამარჯვება და ის გზა, რომელსაც ჩვენ ერთად გავდივართ“, — განაცხადა მესიმ.
არგენტინის კაპიტნისთვის ეს მატჩი განსაკუთრებით ემოციური გამოდგა. პირველი გოლის შემდეგ ის მოედანზე ცრემლებს ვერ იკავებდა. მესის თქმით, ეს ემოციები ფეხბურთს გასცდა და მის პირად ცხოვრებაში ბოლო დღეებში განვითარებულ რთულ მოვლენებს უკავშირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ მესიმ ამ მატჩით კიდევ ერთი უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერაში ექვს მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. მატჩის დღე სიმბოლურიც იყო — ზუსტად 20 წლის წინ, მესიმ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე.
არგენტინელი ვარსკვლავის თანაგუნდელები მის როლს გუნდში განსაკუთრებულად აფასებენ. როდრიგო დე პაულის თქმით, მესის ყოფნა გუნდში უდიდესი უპირატესობაა, რადგან ის პირად მიღწევებზე მაღლა ყოველთვის გუნდურ ინტერესებს აყენებს.
არგენტინის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო მატჩს 22 ივნისს, დალასში, ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს. მთელი მსოფლიოს მსგავსად, „მესის მანია“ კანზას-სიტისაც მოედო, სადაც ათასობით ქომაგი არგენტინის კაპიტნის თამაშს ოვაციებით შეხვდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.