არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. კანზას-სიტში გამართულ მატჩში „ალბისელესტემ“ ალჟირი 3:0 დაამარცხა, შეხვედრის მთავარი გმირი კი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი სამჯერ აიღო.

მესის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიკი ისტორიული აღმოჩნდა. 38 წლის ასაკში ის გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლის გატანა შეძლო. ამ მაჩვენებლით მან კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა.

მატჩის დასრულების შემდეგ მესიმ აღნიშნა, რომ სტატისტიკა მისთვის მეორეხარისხოვანია. „პატივია ისეთ ლეგენდებთან ერთად მოხსენიება, როგორებიც კლოზე და რონალდო ნაზარიო არიან, თუმცა ეს მხოლოდ ციფრებია“, — განაცხადა არგენტინელმა.


ამ ისტორიულ მომენტს ტრიბუნებიდან მისი ოჯახი ესწრებოდა. მეუღლემ, ანტონელა როკუცომ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: „წინ არგენტინა! შენთან ვართ მუდამ, ლეო. შენ საოცარი ხარ!“

მესიმ მეუღლის პოსტს კომენტარებში მალევე უპასუხა: „მიყვარხართ“. ანტონელა როკუცო, რომელიც ბიზნესსაქმიანობითა და Adidas-თან თანამშრომლობითაა დაკავებული, ხშირად საუბრობს მეუღლის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საკუთარი თავდაჯერებულობის ზრდაში.


აღსანიშნავია, რომ მესის მონაწილეობა ჩემპიონატში მცირე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მას კუნთის ტრავმა აწუხებდა, თუმცა, როგორც მინდორზე გამოჩნდა, ვარსკვლავი სრულ მზადყოფნაშია ტიტულის დასაცავად.