UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლი და ყოფილი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელებში ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. დვალიშვილი უკმაყოფილოა იმ „სასწაული ვერსიებით“, რომლებსაც გულშემატკივრები და ე.წ. ექსპერტები ავრცელებენ.

მერაბის თქმით, სოციალური ქსელები გადავსებულია ვიდეოებით, სადაც ადამიანები, რომლებსაც MMA-სთან შეხება არ აქვთ, მებრძოლის ტაქტიკასა და ფიზიკურ მდგომარეობას აკრიტიკებენ. დვალიშვილი გაკვირვებულია იმ ფანტაზიით, რომლითაც საზოგადოების ნაწილი თოფურიას წაგების მიზეზებს ეძებს.

„რამდენჯერაც სოციალურ ქსელში შემოვედი, იმდენი ახალი ვიდეო მხვდება. არ ვიცი, ამდენი ფანტაზია საიდან მოდის და ყველა პროფესორი როგორ გახდა. სასწაული მიზეზები მოგაქვთ — რა ზემოდან, რა სხვა ნიუანსები... უბრალოდ, მიკვირს ამდენი ნეგატივი და ეჭვიანობა“, — აცხადებს დვალიშვილი.

სპორტი შეცდომების გარეშე არ არსებობს

მერაბ დვალიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროფესიონალ მებრძოლებს კარგად ესმით გამარჯვებისა და მარცხის ფასი. მისი თქმით, ოქტაგონზე ნებისმიერი მცირე დეტალი, ერთი არასწორი მოძრაობა ან დარტყმა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

„მებრძოლები ვართ და როგორც მოგებისთვის ვართ მზად, ისე ვიცით, რომ შეიძლება დავმარცხდეთ. ესეც სპორტია. დარწმუნებული ვარ, ყველას გაქვთ რაღაც სპორტული გამოცდილება, თუნდაც ფეხბურთში — ყოველთვის გოლს ვერ გაიტან და ვერ მოიგებ“, — აღნიშნა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250-ზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და ჩემპიონის ტიტული დაკარგა. გულშემატკივართა მხრიდან ნეგატიური გამოხმაურებები სწორედ ამ შედეგს მოჰყვა, რამაც დვალიშვილის მწვავე რეაქცია გამოიწვია.