2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში მექსიკის ნაკრებმა მეხიკოს „აცტეკაზე“ სამხრეთ აფრიკის გუნდი 2:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი ორმა გოლმა გადაწყვიტა. მე-9 წუთზე ერიკ ლირას გადაცემით ხულიან კინიონესმა გახსნა ანგარიში, ხოლო 67-ე წუთზე რობერტო ალვარადოს პასით რაულ ხიმენესმა საბოლოო წერტილი დასვა.

მატჩის დასრულების შემდეგ სტატისტიკურმა კომპანია OPTA-მ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა, რომელმაც 2026 წლის მუნდიალის სტარტი ისტორიული კუთხით წარმოაჩინა.

ხულიან კინიონესი გახდა პირველი ფეხბურთელი კონკაკაფის ზონიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ტურნირის გახსნითი გოლი გაიტანა. ეს შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მექსიკელი გულშემატკივრებისთვის.

შეხვედრა გამოირჩა სიმკაცრითაც. მსაჯმა მოედანზე სამი წითელი ბარათი გამოიყენა. შედარებისთვის, 2022 წლის მუნდიალზე, სადაც სულ 64 მატჩი გაიმართა, მსაჯებმა ჯამში მხოლოდ ოთხი წითელი ბარათი უჩვენეს.

სამხრეთ აფრიკა გახდა პირველი გუნდი 2006 წლის შემდეგ, რომელმაც ერთი მატჩის განმავლობაში ორი წითელი ბარათი მიიღო. უკანასკნელად მსგავსი ინციდენტი პორტუგალიისა და ნიდერლანდების მერვედფინალურ დაპირისპირებაში დაფიქსირდა.

მატჩში კიდევ ერთი ისტორიული მომენტი ხილბერტო მორას უკავშირდება. 17 წლისა და 240 დღის ფეხბურთელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ტურნირის ისტორიაში, რომელმაც მასპინძელი ქვეყნის შემადგენლობაში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ფეხბურთელია, რომელიც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ დაიბადა და მუნდიალზე უკვე იასპარეზა.