საფეხბურთო სამყაროში ხმაურიანი გადაწყვეტილებაა. უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2026 წლის უეფას სუპერ თასის შეხვედრას სომალელი არბიტრი, ომარ არტანი განსჯის. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და ასტონ ვილა დაუპირისპირდებიან, 12 აგვისტოს ზალცბურგში გაიმართება.

არტანის კარიერა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მანამდე ის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამუშაოდ იყო შერჩეული და ისტორიაში პირველი სომალელი მსაჯი უნდა გამხდარიყო, რომელიც მუნდიალის შეხვედრას მოემსახურებოდა.

პრობლემები აშშ-ის საზღვარზე

მსოფლიო ჩემპიონატის წინ, არტანი სტამბულიდან აშშ-ში გაფრინდა, თუმცა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. რეფერი უკან გააბრუნეს, რამაც მისი მუნდიალზე მონაწილეობის საკითხი საბოლოოდ დახურა.

აშშ-ის მხრიდან უარის მიზეზებზე თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფისა და მუნდიალი 2026-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ჯულიანიმ ისაუბრა. მისი განცხადებით, არტანის მიმართ უარის თქმის საფუძველი ტერორისტული ორგანიზაციების სავარაუდო წევრებთან არსებული კავშირები გახდა.

უეფას ნდობა

სამშობლოში დაბრუნებულ არტანს სომალიში გულშემატკივრებმა საოცარი დახვედრა მოუწყვეს. მიუხედავად აშშ-ის ინციდენტისა, უეფამ მის მიმართ ნდობა გამოხატა და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი პრესტიჟული მატჩის მთავარ მსაჯად დანიშნა.

უეფას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია კმაყოფილია არტანის დანიშვნით. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და საფეხბურთო სამყაროს მზერა სწორედ ზალცბურგისკენ იქნება მიპყრობილი.