პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში შთამბეჭდავ ფინანსურ ჯილდოს მიიღებენ. L’Équipe-ის ცნობით, თითოეული მოთამაშის ბონუსი დაახლოებით 1 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეს თანხა იდენტურია გასული წლის მაჩვენებლისა, როდესაც პარიზელებმა ფინალში მილანის „ინტერი“ 5:0 დაამარცხეს და ტიტულს დაეუფლენ.

მოლაპარაკებები და პრინციპები

კლუბის ხელმძღვანელობამ და ფეხბურთელებმა პრემიების საკითხი ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე შეათანხმეს. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი გუნდის კაპიტნები: მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, უსმან დემბელე და ვიტინია.

პარიზული კლუბის პოლიტიკა ნათელია: ფინანსური წახალისება ორიენტირებულია ტიტულების მოგებაზე და არა შუალედურ ეტაპებზე. მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალების შემდეგ გაცემული პრემიები სიმბოლური ხასიათისაა. კლუბის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა მხოლოდ გამარჯვება უნდა იყოს.

ფინალის მოლოდინი

ლუის ენრიკემ უკვე დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც ბუდაპეშტში „არსენალის“ წინააღმდეგ იასპარეზებს. განაცხადში მოხვდნენ გუნდის ლიდერები, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც.

პსჟ-ს სრული განაცხადი: ჰაკიმი, ბერალდო, მარკინიოსი, ზაბარნი, კვარაცხელია, ფაბიან რუისი, გონსალუ რამუში, დემბელე, დუე, ვიტინია, ლი კან ინი, ლუკა ერნანდესი, მაიულუ, ნუნუ მენდეში, დრო ფერნანდესი, ბარკოლა, შევალიე, ზაირ-ემერი, საფონოვი, ნჯანტუ, მბაიე, პაჩო, ჟოაუ ნევეში და რენატო მარინი.

ფინალური დაპირისპირება ბუდაპეშტში, 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.