საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში, TOP 14-ში რეგულარული სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ტურნირის ბოლო ტური ქართველი მორაგბეებისთვის განსაკუთრებით შედეგიანი გამოდგა — შაბათს გამართულ შვიდ მატჩში ჩვენმა თანამემამულეებმა ჯამში ოთხი ლელოს გატანა შეძლეს.

მეტოქის ჩათვლის მოედანი მიხეილ შიოშვილმა, გიორგი ახალაძემ, ვლადი აშვეთიამ და ვახტანგ ჯინჭარაძემ აიღეს.

მიხეილ შიოშვილის „ტულონი“ სტუმრად „კასტრთან“ 21:38 დამარცხდა. მიუხედავად წაგებისა, შიოშვილისთვის ეს შეხვედრა დადებითი აღმოჩნდა: მოედანზე 53-ე წუთზე გამოჩენილმა მორაგბემ მალევე ლელოს გატანა მოახერხა. გუნდში ასევე ითამაშეს ბექა გიგაშვილმა და გიორგი ჯავახიამ. შიოშვილისთვის სეზონის დასრულება დადებითი ფაქტორია საქართველოს 20-წლამდე ნაკრებისთვის, რადგან ის გუნდს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად დროულად შეუერთდება.

წარმატებული გამოდგა გასვლითი ტური „კლერმონისთვის“, რომელმაც „ბორდო“ 34:31 დაამარცხა. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გიორგი ახალაძემ. მან თამაში 47-ე წუთზე განაახლა და მალევე მეტოქის ჩათვლის ზონაში დაამიწა ბურთი.

„რასინგმა“ საკუთარ კედლებში „ტულუზა“ 31:20 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში სამი ქართველი იყო, მათ შორის ყველაზე გამორჩეული ვლადი აშვეთია გახლდათ, რომელმაც შეცვლაზე შემოსულმა ლელო გაიტანა. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი.

გათამაშების აუტსაიდერ „მონტობანის“ შემადგენლობაში ვახტანგ ჯინჭარაძემ გამოიჩინა თავი. „პოსთან“ სტუმრად გამართულ მატჩში, რომელიც გუნდისთვის 35:71 მარცხით დასრულდა, ჯინჭარაძემ მეტოქის დაცვა გაარღვია და ლელო დადო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ლუკა აზარიაშვილმა და ნუგზარ სომხიშვილმაც.

TOP 14-ის პლეი ოფში ექვსი საუკეთესო გუნდი გავიდა: „ტულუზა“, „მონპელიე“, „სტად ფრანსე“, „პო“, „რასინგი“ და „ლა როშელი“.