„სევილიას“ გაყიდვის პროცესი ჩიხში შევიდა. ესპანური გამოცემა El Pais-ის ცნობით, სერხიო რამოსის ხელმძღვანელობით მოქმედი საინვესტიციო ჯგუფის ახალი შეთავაზება კლუბის აქციონერებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მხარეებს შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმება ფაქტობრივად ანულირებულია.

რა მოხდა მოლაპარაკებებისას?

12 მაისს მიღწეული შეთანხმების თანახმად, რამოსის ჯგუფი კლუბის აქციების 80%-ს 450 მილიონ ევროდ შეიძენდა. ამ თანხიდან 88 მილიონი ევრო კლუბის ვალების დასაფარად იყო გათვალისწინებული. თუმცა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ახალი წინადადებით, რამოსის მხარე მხოლოდ 30 000 აქციის შეძენას გეგმავდა, ნაცვლად თავდაპირველად შეთანხმებული 86 000 აქციისა. ამასთან, ჯგუფმა კაპიტალის გაზრდის ინიციატივა წამოაყენა, რაც კლუბში მათ გავლენას 42%-ით გაზრდიდა, თუმცა ფინანსური სარგებელი აქციონერებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

„შოკში ვიყავით, რადგან მას პრაქტიკულად სურდა, სევილია დაახლოებით 100 მილიონ ევროდ ეყიდა“, — აცხადებს კლუბთან დაახლოებული წყარო.

მოტყუების განცდა და ჩაშლილი გარიგება

კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხუთთვიანი აუდიტის შემდეგ, რომელიც რამოსის ჯგუფმა ჩაატარა, მათ თავს მოტყუებულად გრძნობენ. მოლაპარაკებების პერიოდში გამყიდველი მხარე მუდმივად აყენებდა ეჭვქვეშ რამოსის ჯგუფის ფინანსურ სიძლიერეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მექსიკური ბიზნესოჯახის გარანტიები წარადგინეს.

ამ ეტაპზე კლუბის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებების განახლებას აღარ განიხილავს. აღსანიშნავია, რომ რამოსის ვარიანტზე მუშაობისას, „სევილიამ“ უარი უთხრა სამ სხვა პოტენციურ მყიდველს, მათ შორის ადგილობრივი ბიზნესმენებისა და გულშემატკივრების ჯგუფს. ამჟამად საფეხბურთო სამყარო სერხიო რამოსის ოფიციალურ პასუხს ელოდება.