2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების არასაიმედო სტარტმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში კრიშტიანუ რონალდუ მოექცა, რომლის თამაშიც „არსენალის“ ყოფილმა ლეგენდამ, ტიერი ანრიმ, მკაცრად გააკრიტიკა.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1:1 დასრულებულ მატჩში, ანრის აზრით, რონალდუს გადაჭარბებულმა სურვილმა თავად გაეტანა გოლი, გუნდს გამარჯვება დააკარგვინა.
Fox News-თან საუბრისას ანრიმ კონკრეტული სათამაშო ეპიზოდი გააანალიზა. მისი თქმით, რონალდუს პოზიციონირებამ ბრუნო ფერნანდეშს შეტევის დასრულების საშუალება მოუსპო.
„ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, ხალხნო: გუნდმა უნდა გაიტანოს და არა კონკრეტულად შენ. კანსელუ ბურთს ფლობდა, კრიშტიანუ კი ამ სიტუაციაში არაერთხელ ყოფილა. იმის ნაცვლად, რომ მეკარის მოედანში შეჭრილიყო და მცველები თან გაეყოლებინა, მან ბრუნოს გზა გადაუღობა“, - განაცხადა ანრიმ.
ფრანგი ვეტერანის განმარტებით, რონალდუს მოძრაობამ მცველებს საქმე გაუადვილა. თუკი კრიშტიანუ სივრცეს გაათავისუფლებდა, ბრუნო ფერნანდეშს ცარიელ კარში ბურთის შეგორება მარტივად შეეძლო.
ამჟამად პორტუგალიის ნაკრები მეორე ტურისთვის ემზადება. გუნდი 23 ივნისს უზბეკეთს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ უზბეკებმა პირველ ტურში კოლუმბიასთან 1:3 წააგეს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.