2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის გამარჯვებული აშშ-ის ქალთა ჰოკეის ნაკრები თეთრ სახლში არ მივა. გუნდმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევა ოფიციალურად უარყო. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრეზიდენტმა მამაკაცთა ნაკრებისთვის მიძღვნილ სატელეფონო საუბარში ქალთა გუნდი დამცინავი ტონით მოიხსენია.

სკანდალური განცხადება

მამაკაცთა გუნდისთვის მიულოცვისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ქალთა ნაკრების პატივისცემაც აუცილებელია, თუმცა იქვე დასძინა: „მგონი, ამისთვის იმპიჩმენტს გამომიცხადებენ“, რასაც მამაკაცი მოთამაშეების მხრიდან სიცილი მოჰყვა.

აშშ-ის ჰოკეის ფედერაციის წარმომადგენელმა ოფიციალურ განცხადებაში უარის მიზეზად სპორტსმენების გადატვირთული გრაფიკი და წინასწარ დაგეგმილი აკადემიური თუ პროფესიული ვალდებულებები დაასახელა. განცხადებაში პრეზიდენტის კომენტარებზე პირდაპირი მინიშნება არ ყოფილა.

Flavor Flav-ის ალტერნატიული წინადადება

სკანდალის ფონზე, ნაკრებმა მხარდაჭერა მოულოდნელი მხრიდან მიიღო. ცნობილმა რეპერმა და ქალთა სპორტის აქტიურმა გულშემატკივარმა, Flavor Flav-მა, ჰოკეისტები ლას-ვეგასში დაპატიჟა.

„თუ აშშ-ის ქალთა ჰოკეის ნაკრებს ნამდვილი ზეიმი და მიწვევა სურს, მე მათ ლას-ვეგასში ვუმასპინძლებ. მოვაწყობთ კარგ ვახშმებსა და შოუებს. ვიზრუნებ სასტუმროსა და ავიაკომპანიის მხარდაჭერაზე, რათა ეს ქალბატონები სათანადოდ დავაფასოთ,“ – წერს არტისტი სოციალურ ქსელ Bluesky-ზე.

აქტივიზმი სპორტში

Flavor Flav-ი უკვე დიდი ხანია ქალთა ოლიმპიური გუნდების მხარდამჭერად გვევლინება. 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მან წყალბურთელთა ნაკრებს გაუწია „ჰაიპ-მენობა“ და მათთვის სხვადასხვა სახის დახმარება, მათ შორის ტეილორ სვიფტის კონცერტზე დასწრების ორგანიზებაც უზრუნველყო.

მისი მხარდაჭერა მხოლოდ პოპულარიზაციით არ შემოიფარგლება. რეპერი ხშირად ეხმარება ინდივიდუალურ სპორტსმენებს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში, რაც ქალთა სპორტის მიმართ საზოგადოების ყურადღების გამახვილებას უწყობს ხელს.