2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის K ჯგუფის პირველ ტურში კოლუმბიის ეროვნულმა ნაკრებმა უზბეკეთის გუნდს 3:1 მოუგო. შეხვედრა მეხიკოს ლეგენდარულ „ესტადიო აცტეკაზე“ გაიმართა, სადაც 80 000-ზე მეტი მაყურებელი შეიკრიბა.

ფაბიო კანავაროს გაწვრთნილი უზბეკეთის ნაკრები მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში დისციპლინირებულად იცავდა თავს, თუმცა კოლუმბიის შემტევი პოტენციალი გაცილებით მაღალი აღმოჩნდა.

პირველ ნახევარში კოლუმბიელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. ლუის დიასმა ძელსაც გაარტყა, ანგარიში კი მხოლოდ 40-ე წუთზე გაიხსნა. დიასის ჩაწოდებული ბურთი დანიელ მუნიოსმა გამოიყენა და კოლუმბია დააწინაურა.

მეორე ნახევარში თამაში უფრო დინამიური გახდა. 60-ე წუთზე უზბეკეთმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა — აბოსბეკ ფაიზულაევმა მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა.

უზბეკების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. უკვე 65-ე წუთზე, გუსტავო პუერტას პასით ლუის დიასმა კვლავ დააწინაურა კოლუმბია. მატჩის მიწურულს უზბეკეთი გათანაბრებას აქტიურად ცდილობდა, თუმცა კოლუმბიის დაცვამ მეტოქის მცდელობები ჩაახშო.

მატჩის საბოლოო წერტილი ხამინტონ კამპასმა დასვა, რომელმაც დამატებულ მეცხრე წუთზე მესამე გოლი გაიტანა. შედეგად, ნესტორ ლორენსოს გუნდმა მუნდიალზე წარმატებული სტარტი აიღო.

კოლუმბია მომდევნო შეხვედრას სამშაბათს, გვადალახარაში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო უზბეკეთი იმავე დღეს ჰიუსტონში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.