2009 წლის აგვისტოში შვედურმა გაზეთმა Aftonbladet-მა გამოაქვეყნა ფრილანსერი ფოტოჟურნალისტის, დონალდ ბოსტრომის სტატია სათაურით „ჩვენს შვილებს ორგანოებს სცლიან“. პუბლიკაციაში საუბარი იყო 1980-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში მომხდარ შემთხვევებზე, როდესაც, ავტორის მტკიცებით, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დაკავებული პალესტინელების ცხედრები ოჯახებს ორგანოების გარეშე უბრუნდებოდათ.
დიპლომატიური დაპირისპირება
სტატიის გამოქვეყნებას ისრაელის ხელისუფლების მყისიერი და მწვავე რეაქცია მოჰყვა. ოფიციალური თელ-ავივი პუბლიკაციას უსაფუძვლოსა და ანტისემიტურს უწოდებდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შვედეთის მთავრობას სტატიის დაგმობისკენ მოუწოდა, თუმცა სტოკჰოლმმა უარი განაცხადა. შვედეთის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ პრესის თავისუფლება და ქვეყნის კონსტიტუცია მათ ამგვარი ქმედების უფლებას არ აძლევს.
შვედეთის ელჩმა ისრაელში, ელისაბეტ ბორსინ ბონიემ, სტატიას „შოკისმომგვრელი“ უწოდა, თუმცა შვედეთის მთავრობამ მისი პოზიციისგან დისტანცირება მოახდინა. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო თავად შვედეთის მედიასივრცეშიც; სხვა გამოცემების კულტურის რედაქტორთა გამოკითხვის მიხედვით, მათ უმეტესობას სტატია არ დაუბეჭდავთ.
რა გაირკვა მოგვიანებით?
2009 წლის დეკემბერში ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 1990-იან წლებში ისრაელის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, იეჰუდა ჰისი, ნებართვის გარეშე იღებდა ორგანოებს გარდაცვლილი ისრაელელებისა და პალესტინელების ცხედრებიდან. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს პრაქტიკა შეწყდა და ჰისი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
თუმცა, ისრაელის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანოების ამოღება არ ხდებოდა პაციენტების მკვლელობის მიზნით. პალესტინური მხარე კი აცხადებდა, რომ ეს აღიარება ადასტურებდა მათ ეჭვებს, რაც წლების განმავლობაში ჰქონდათ გარდაცვლილი ნათესავების ცხედრების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი რეზონანსი
სტატიის ავტორი დონალდ ბოსტრომი აღიარებდა, რომ მას არ ჰქონდა პირდაპირი მტკიცებულებები თავისი ბრალდებების დასადასტურებლად, თუმცა მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყებას და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას. საერთაშორისო დონეზე, მათ შორის შეერთებულ შტატებში, სტატიას „საშიშ პროვოკაციად“ აფასებდნენ, ხოლო პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები შვედეთის მთავრობის პოზიციას იცავდნენ.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.