Amazon-მა მონაცემთა ცენტრების მიერ წყლის მოხმარების შესახებ წლიური ანგარიში პირველად გამოაქვეყნა. 2025 წელს გლობალური ოპერაციების ფარგლებში კომპანიამ 2.5 მილიარდი გალონი წყალი დახარჯა. მონაცემების გასაჯაროება მოჰყვა სიეტლში მიღებულ გადაწყვეტილებას მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმის დაწესების შესახებ, რასაც თავად კომპანიის თანამშრომლებიც უჭერდნენ მხარს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ოპერაციები გაფართოვდა, წყლის მოხმარების მაჩვენებელი კილოვატ-საათზე 2 პროცენტით შემცირდა და 0.12 ლიტრი შეადგინა. Amazon-ის განცხადებით, ეს მაჩვენებელი მათ კონკურენტებთან შედარებით უკეთესია.

კომპანიის მიერ წარდგენილ გრაფიკში ნაჩვენებია, რომ Microsoft, Google და Meta კილოვატ-საათზე გაცილებით მეტ წყალს მოიხმარენ. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მონაცემები სრულყოფილ შედარებას არ იძლევა. მაგალითად, Google-ის შემთხვევაში ციფრები მხოლოდ Gemini AI-ის მონაცემთა ცენტრებზეა ფოკუსირებული, ხოლო Amazon-ის ანგარიში მთლიან ოპერაციებს მოიცავს.

ამასთან, Amazon-ის სტატისტიკა არ ითვალისწინებს არაპირდაპირ წყლის მოხმარებას, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესში, ელექტროსადგურებზე ხდება. ასევე, გამოკლებულია წყლის ხარჯი მონაცემთა ცენტრების მშენებლობისას.

როგორ აგრილებს Amazon სერვერებს?

Amazon-ის მტკიცებით, მათი სერვერების გაგრილების სისტემა 90%-ით ჰაერზეა დამოკიდებული. აორთქლებადი წყლის გაგრილების მეთოდს კომპანია მხოლოდ წლის ყველაზე ცხელ დღეებში, კრიტიკულ ტემპერატურაზე იყენებს. პარალელურად, კომპანიამ სერვერების თერმული ტოლერანტობა გაზარდა, რაც წყლის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

კომპანიის შეფასებით, მათი მონაცემთა ცენტრები ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე შვიდჯერ უფრო წყალეფექტურია. ეს შეფასება ეფუძნება გასულ წელს გამოქვეყნებულ რეცენზირებულ კვლევას, რომელშიც გამოყენებული იყო კომპანიის მიერ კორექტირებული ციფრები.