Amazon-მა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიების მწარმოებელ Corning-თან მრავალმილიარდიანი გარიგება დადო. თანამშრომლობის მიზანი Amazon-ის სწრაფად მზარდი მონაცემთა ცენტრების უზრუნველყოფაა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვისებს ემსახურება.

ეს შეთანხმება Corning-ისთვის მორიგი სტრატეგიული ნაბიჯია მას შემდეგ, რაც კომპანიამ მიმდინარე წელს მსგავსი კონტრაქტები Meta-სა და Nvidia-სთან გააფორმა. ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნის ფონზე, Corning-ის აქციების ფასი 2023 წლის ბოლოსთან შედარებით თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.

კომპანიების განცხადებით, მრავალწლიანი ხელშეკრულება ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე Corning-ის ქარხნებში 1 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები AI ინფრასტრუქტურის კრიტიკული კომპონენტია, რადგან ისინი მონაცემთა ცენტრებსა და მათში განთავსებულ ჩიპებს შორის უსწრაფეს კავშირს ამყარებენ.

Amazon Web Services-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მეტ გარმანმა აღნიშნა, რომ ეს ინვესტიციები აშშ-ის ეკონომიკურ პოტენციალს აძლიერებს. Amazon-მა გასულ წელს ჩრდილოეთ კაროლინაში ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის 10 მილიარდი დოლარის გამოყოფის ვალდებულება აიღო.

Corning-ის ოპტიკური ბოჭკოები ჩვენი ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია, რაც მილიონობით ადამიანისა და ბიზნესისთვის აუცილებელ სერვისებს უზრუნველყოფს.

Corning-ის მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ ეს პარტნიორობა ამერიკული საწარმოო ბაზის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ბიზნესის დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა, „ჰიპერსკეილერები“ (დიდი მასშტაბის მონაცემთა ცენტრების მფლობელები) უკვე მათი უმსხვილესი კლიენტები ხდებიან.

შეგახსენებთ, რომ მაისში Nvidia-მ Corning-ში 3.2 მილიარდი დოლარის ინვესტირების ვალდებულება აიღო, რაც სპეციალიზებული საწარმოო ხაზების შექმნას ითვალისწინებს. იანვარში კი Meta-მ 6 მილიარდი დოლარის მოცულობის გარიგება დააანონსა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში ოპტიკური კაბელების ქარხნის გაფართოებას ისახავს მიზნად.