კომპიუტერული ტექნოლოგიების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სახელი, Commodore, ბრუნდება. მას შემდეგ, რაც 2025 წელს იუთუბერმა კრისტიან სიმპსონმა კომპანიის აქტივები შეიძინა, ბრენდმა რეტრო-გეიმინგის მიმართულებით წარმატებას მიაღწია. Commodore 64-ის განახლებული ვერსიის 30 000 ერთეულის გაყიდვის შემდეგ, სიმპსონი ახალ გამოწვევას შეეჭიდა — შეექმნა ტელეფონი, რომელიც ორიგინალ Commodore-ს არასდროს ჰქონია.

Callback 8020 არის დასაკეცი სმარტფონი, რომელიც 499 დოლარიდან იწყება. მისი მთავარი დანიშნულება არა უახლესი ტექნოლოგიების დემონსტრირება, არამედ მომხმარებლისთვის სმარტფონებზე დამოკიდებულების შემცირებაა. მოწყობილობა შექმნილია როგორც ე.წ. „მეორე ტელეფონი“, რომელიც ადამიანს სამსახურებრივი აპლიკაციებისა და შემაწუხებელი ნოტიფიკაციებისგან ათავისუფლებს.

ტექნიკური მახასიათებლები Callback 8020-ს არ გამოარჩევს: მას აქვს 3.25-ინჩიანი ეკრანი, MediaTek Helio G81 პროცესორი, 4GB ოპერატიული და 64GB შიდა მეხსიერება. თუმცა, აქცენტი გაკეთებულია ფილოსოფიაზე. ტელეფონს არ აქვს სოციალური ქსელები და ვებ-ბრაუზერი. Jolla-ს Sailfish ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებული მოწყობილობა მომხმარებელს აპლიკაციების არჩევის საშუალებას აძლევს, თუმცა თითოეული მათგანი მკაცრ შემოწმებას გადის.

„ეს არის ტელეფონი სმარტსა და „სულელს“ შორის“, — აცხადებს სიმპსონი. ნაცვლად ხმაურიანი შეტყობინებებისა, Callback-ს აქვს ხუთი ფერადი LED ინდიკატორი, რომლებიც მომხმარებელს ნაზად ატყობინებს შემოსული ზარის შესახებ. გარე ეკრანი მხოლოდ დროს, თარიღს და ბატარეის მდგომარეობას აჩვენებს. მოწყობილობას აქვს 48-მეგაპიქსელიანი კამერა და მაღალი ხარისხის აუდიო-DAC მოყვარულებისთვის.

სტანდარტული მოდელები ბეჟ, თეთრ და ვერცხლისფერ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო კოლექციონერებისთვის შეიქმნება გამჭვირვალე ლურჯი და ოქროსფერი „Founders Edition“ ვერსიები. Commodore გეგმავს მოწყობილობების გაგზავნა წლის ბოლომდე დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კომპონენტების დეფიციტი შეინიშნება, კომპანიას ფასწარმოქმნაში სპეციალური ბუფერი აქვს გათვალისწინებული, რაც შესაძლოა გაშვებისას ფასის შემცირების საშუალებასაც იძლეოდეს.