ტექნოლოგიური სამყაროს ლეგენდა Commodore ბაზარზე ბრუნდება, თუმცა ამჯერად არა კომპიუტერებით, არამედ განსხვავებული კონცეფციის მქონე მობილური ტელეფონით. კომპანიის ახალი პროდუქტი, სახელად Callback, ეხმიანება ციფრული მინიმალიზმის მზარდ ტრენდს.

ბევრი მომხმარებელი დღეს უკვე გრძნობს სმარტფონების გადამეტებული გავლენის ნეგატიურ შედეგებს. Commodore-ის გუნდი მიზნად ისახავს, შექმნას ხიდი „ჭკვიან“ და „სულელ“ ტელეფონებს შორის.

Callback არის დასაკეცი (flip) ტელეფონი, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ აუცილებელ ფუნქციებს სთავაზობს: WhatsApp, Signal, Telegram, რუკები და მუსიკალური აპლიკაციები. მოწყობილობას აქვს მაღალი ხარისხის კამერა და Commodore 64-ის ემულატორი, რაც ნოსტალგიურ ელფერს სძენს მოწყობილობას.

მთავარი განსხვავება ტრადიციულ სმარტფონებთან შედარებით არის ის, რომ Callback-ში სოციალური ქსელები და ვებ-ბრაუზერები სისტემურ დონეზეა დაბლოკილი. კომპანიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია მომხმარებლის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სიმშვიდის დასაცავად.

ტელეფონი იყენებს Sailfish OS-ის ბაზაზე შექმნილ ოპერაციულ სისტემას, რომელიც არ აგროვებს და არ ყიდის მომხმარებლის პირად მონაცემებს. „ჩვენ შევინარჩუნეთ სისტემის ის ღიაობა, რომელიც მომხმარებლისთვისაა და უარი ვთქვით იმ ფუნქციებზე, რომლებიც მხოლოდ კორპორატიულ ინტერესებს ემსახურება“, — აცხადებს Commodore-ის გენერალური დირექტორი.

დიზაინის თვალსაზრისით, დასაკეცი ფორმა ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის: ტელეფონის დახურვა ნიშნავს ციფრული სამყაროდან გამოსვლას. ეს არის Intentional disconnection-ის ანუ შეგნებული გათიშვის მექანიზმი.

Commodore-ის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგია კვლავ „მეგობრული“ უნდა გახდეს. მათთვის ეს მოწყობილობა არის საშუალება, შეამცირონ FOMO (გამოტოვების შიში) და დაეხმარონ ადამიანებს, მეტი დრო დაუთმონ რეალურ კომუნიკაციას.

Callback არ არის განკუთვნილი მათთვის, ვინც სმარტფონის სრულ ფუნქციონალს ეყრდნობა, თუმცა ის ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვინც მუდმივი ნოტიფიკაციებისგან და ციფრული ხმაურისგან თავის დაღწევას ცდილობს.