Uber-ი, რომელიც წლებია სილიკონის ველის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ კომპანიად მიიჩნევა, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების კუთხით სერიოზული ფინანსური გამოწვევის წინაშე დადგა. კომპანიამ 2026 წლისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის კოდირების ხელსაწყოების ბიუჯეტი სულ რაღაც ოთხ თვეში სრულად ამოწურა.

ამას ხელი შეუწყო შიდა კორპორატიულმა პოლიტიკამაც: თანამშრომლებს წაახალისებდნენ AI-ინსტრუმენტების აქტიური გამოყენებისკენ, რისთვისაც სპეციალური ლიდერბორდიც კი შეიქმნა. თუმცა, შედეგებმა მოლოდინი ვერ გაამართლა.

შედეგი თუ ციფრები?

Uber-ის პრეზიდენტმა და ოპერაციულმა დირექტორმა, ენდრიუ მაკდონალდმა, Rapid Response-ის პოდკასტში საჯაროდ განაცხადა, რომ კომპანიას უჭირს Claude Code-ის გამოყენებასა და რეალურ სამომხმარებლო ინოვაციებს შორის კავშირის დანახვა.

„ამ ეტაპზე პირდაპირი კავშირი არ არსებობს. ძალიან რთულია დაადგინო, თუ როგორ გადაიზარდა ეს ხარჯები 25%-ით უფრო სასარგებლო სამომხმარებლო ფუნქციებში“, — აღნიშნა მაკდონალდმა.

მისი თქმით, თუ კომპანია ვერ ხედავს პირდაპირ კავშირს დახარჯულ თანხებსა და მომხმარებლისთვის შეთავაზებულ რეალურ ფუნქციონალს შორის, ასეთი ტექნოლოგიური გაფართოების გამართლება რთულდება.

სხვა კომპანიების გამოცდილება

Uber არ არის ერთადერთი გიგანტი, რომელიც AI-ის ხარჯების ოპტიმიზაციას ცდილობს. Microsoft-მა, გავრცელებული ინფორმაციით, Claude Code-ის პირდაპირი ლიცენზიების უმეტესობა გააუქმა და ინჟინრები GitHub Copilot CLI-ზე გადაიყვანა. Duolingo-ს ხელმძღვანელმა ლუის ფონ ანმა კი აღიარა, რომ მისი მოლოდინები AI-ის მიმართ შეიცვალა და ტექნოლოგია თანამშრომლების ჩანაცვლებას ვერ შეძლებს.

მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, Uber-ის გენერალური დირექტორი დარა ხოსროშაჰი აცხადებს, რომ კომპანიის მიერ დაწერილი კოდის დაახლოებით 10% ავტონომიური აგენტების დამსახურებაა. მისი თქმით, ეს ხელსაწყოები იურიდიულ და მარკეტინგულ დეპარტამენტებშიც გამოიყენება და თანამშრომლებს „ზეშესაძლებლობებს“ სძენს.

მომავალი და ავტონომიური მართვა

Gartner-ის კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის AI-მოდელების გამოყენება ბევრად იაფი გახდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიები ხარჯებს შეამცირებენ. პრობლემა იმაშია, რომ უფრო რთული აგენტური მოდელები გაცილებით მეტ „ტოკენს“ მოითხოვს თითო დავალებაზე, ხოლო პროვაიდერები ფასებს საგრძნობლად არ ამცირებენ.

მიუხედავად AI-ის ხარჯებთან დაკავშირებული სკეპტიციზმისა, Uber არ უხვევს თავისი სტრატეგიული გზიდან. მაკდონალდი დარწმუნებულია, რომ ავტონომიური მართვა მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ნორმად იქცევა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი შვილები, რომლებიც დღეს პატარები არიან, სავარაუდოდ, მართვის მოწმობის აღებასაც კი არ დასჭირდებათ.