დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიგრაციული კრიზისის მართვისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებას გეგმავს. მომავალი წლიდან ბრიტანეთის საზღვრებზე ამოქმედდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ფოტოების ანალიზის საფუძველზე ადამიანის ასაკს შეაფასებს.

შესაბამისი კონტრაქტი ჰარლოუში დაფუძნებულ კომპანია „Akhter Computers Ltd“-ს გაუფორმდა. პროექტის ღირებულება სამი წლის განმავლობაში 322,000 ფუნტს შეადგენს. ტექნოლოგიის სრულმასშტაბიანი დანერგვა 2027 წლის შუა პერიოდისთვისაა დაგეგმილი, თუმცა საპილოტე რეჟიმში მისი გამოცდა დოვერში, „Western Jet Foil“-ის გადამამუშავებელ ცენტრში დაიწყება.

რატომ გახდა საჭირო ახალი ტექნოლოგია?

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის მარტამდე არსებულ პერიოდში, 6,400-ზე მეტმა მიგრანტმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანი იყო. მათგან 43% შემოწმების შედეგად სრულწლოვანი აღმოჩნდა. მთავრობის განცხადებით, ეს ადამიანები სისტემას ბოროტად იყენებენ და იმ ბავშვების რესურსებს ითვისებენ, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ დაცვა.

საზღვრის დაცვისა და თავშესაფრის მინისტრმა, ალექს ნორისმა განაცხადა, რომ AI-ს გამოყენება დაეხმარება ხელისუფლებას, დროულად გამოავლინოს და დააკავოს ის პირები, ვინც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. ამასთან, მინისტრის თქმით, ეს უზრუნველყოფს, რომ დახმარება მხოლოდ მათ მიუვიდეთ, ვისაც ეს კანონით ეკუთვნის.

კრიტიკა და უფლებადამცველების პოზიცია

პროექტს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან. „Human Rights Watch“-ის წარმომადგენელმა ანა ბაჩარელიმ აღნიშნული ინიციატივა „გაუაზრებელ ექსპერიმენტად“ შეაფასა. მისი თქმით, ტექნოლოგია არ არის დადასტურებული და მისი გამოყენება ბავშვების უფლებებს საფრთხეს უქმნის.

ბრიტანეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (BASW) ასევე აფრთხილებს მთავრობას, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ასაკის დადგენის პროცესში სერიოზულ შეცდომებს გამოიწვევს. სოციალური მუშაკები მიიჩნევენ, რომ ასაკის შეფასება კომპლექსური პროცესია, რომელსაც მხოლოდ ადამიანური რესურსით, გამოცდილი სპეციალისტები უნდა ახორციელებდნენ.

მიუხედავად კრიტიკისა, მთავრობა აცხადებს, რომ ეს ტექნოლოგია ყველაზე „ხარჯეფექტური“ მეთოდია. ამ ეტაპზე სისტემა უკვე გატესტილია სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და სქესის ადამიანების ფოტოებზე, თუმცა ოპერატიულ გადაწყვეტილებებში ის ჯერ არ გამოყენებულა.