აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ, სამხედრო ალიანს AUKUS-ის ფარგლებში, წყალქვეშა დრონების (UUV) ტექნოლოგიის განვითარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. პროექტის მიზანი ზღვის ფსკერზე არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ინტერნეტკაბელებისა და მილსადენების დაცვაა.
სინგაპურში გამართულ უსაფრთხოების სამიტზე გაჟღერებული ინიციატივა AUKUS-ის ე.წ. „მეორე სვეტის“ (Pillar Two) პირველი მსხვილი პროექტია. ეს მიმართულება მოწინავე ტექნოლოგიების, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ჰიპერბგერითი რაკეტები და წყალქვეშა რობოტიკა, ერთობლივ განვითარებას გულისხმობს.
ტექნოლოგიური გარღვევა და დაფინანსება
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ჯონ ჰილის განცხადებით, ბრიტანეთი პროექტში 150 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 201 მილიონი დოლარი) ინვესტიციას განახორციელებს. ახალი თაობის უპილოტო წყალქვეშა აპარატები მზადყოფნაში მომავალი წლისთვის იქნება.
დრონები აღჭურვილი იქნება სპეციალური სენსორებითა და იარაღის სისტემებით. მათი ფუნქციები მოიცავს არა მხოლოდ მონიტორინგსა და დაზვერვას, არამედ ლოგისტიკურ ოპერაციებსა და საჭიროების შემთხვევაში საპასუხო დარტყმების განხორციელებას.
„დიდხანს ვსაუბრობდით და ძალიან ცოტას ვაკეთებდით AUKUS-ის ფარგლებში, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა“, — აღნიშნა ჯონ ჰილიმ სამიტზე.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
წყალქვეშა კაბელების დაცვა გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტად იქცა. ბრიტანული მხარის მონაცემებით, ბოლო წლებში რუსული გემების აქტივობა ბრიტანეთის წყლებში 30%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის დაახლოებით 60-მდე წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელს.
მსგავსი ინციდენტები დაფიქსირდა ბალტიის ზღვაშიც. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრებმა პირდაპირ არ დაადასტურეს, რომ პროექტი კონკრეტულად რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო აქტივობების საპასუხო ნაბიჯია, ექსპერტები მას სწორედ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე თავდაცვის გაძლიერებად აფასებენ.
AUKUS-ის ფარგლებში პარტნიორები ასევე აგრძელებენ ბირთვული წყალქვეშა ნავების პროგრამას. მიუხედავად კრიტიკისა, რომელიც პროექტის ნელ ტემპს უკავშირდება, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა დაადასტურა, რომ გეგმები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.