ერთი წლის წინ, 12 ივნისს, ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი აჰმედაბადიდან აფრენიდან სულ რაღაც 32 წამში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფამ 260 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 241 თვითმფრინავში მყოფი მგზავრი და 19 ადგილობრივი მცხოვრები. გადარჩა მხოლოდ ერთი მგზავრი.
მიტენ პატელი, რომელმაც ავიაკატასტროფის შედეგად მშობლები დაკარგა, დღემდე ცდილობს სიმართლის დადგენას. ლონდონში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ მას შემაძრწუნებელი ინფორმაცია მიაწოდა: კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ დედის კუბოში უცნობი მამაკაცის ნეშტის ნაწილებიც იყო მოთავსებული.
„მე მათ ვთხოვე, რომ დედაჩემის ნეშტი და უცნობი პირის ნაწილები ერთმანეთისგან გაეყოთ“, - იხსენებს მიტენი. ოჯახს დედის დაკრძალვის გადადება მოუწია, რათა მამის ნეშტთან ერთად დაესაფლავებინათ.
ბრიტანეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ უცნობი მამაკაცის ვინაობის დასადგენად ინდოეთში დნმ-ის ნიმუშები და ხელის ანაბეჭდები გაგზავნა, თუმცა ერთი წლის შემდეგაც კი, პასუხი უცნობია. კორონერ ფიონა უილკოქსის თქმით, მსგავსი შემთხვევები უკიდურესად უჩვეულოა.
პრობლემა მასშტაბურია: ექსპერტების თქმით, გარდაცვლილთა 90%-ის სხეულები იმდენად იყო დამწვარი, რომ იდენტიფიკაცია თითქმის შეუძლებელი გახდა. ინდოეთის სტიქიური უბედურებების მართვის სააგენტოს (NDMA) განცხადებით, ავიაკატასტროფის ზონა 37 000 კვადრატულ მეტრს მოიცავდა, რაც ხუთი საფეხბურთო მოედნის ტოლფასია.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. ამანდა დონაგიმ, რომელმაც შვილის, ფიონგალ გრინლო-მიკის ნეშტი ჩამოასვენა, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მას 70 წლის ინდოელი ქალის ნეშტი გადასცეს. ადვოკატი ჯეიმს ჰილი-პრატი აცხადებს, რომ ინდოეთის ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის აღება არ მომხდარა, რაც ოჯახებისთვის დამატებითი ტრავმაა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრეულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნეშტების იდენტიფიკაცია დადგენილი პროტოკოლების მიხედვით მიმდინარეობდა. თუმცა, შემთხვევის შემდეგ გამოქვეყნებულმა ახალმა სახელმძღვანელო მითითებებმა აღიარა, რომ მსხვერპლთა იდენტიფიკაციის სისტემაში სერიოზული ხარვეზები არსებობდა.
დღეს მიტენ პატელი აგრძელებს ბრძოლას. ის ამბობს, რომ დედის ხსოვნის პატივისცემა მხოლოდ სიმართლის დადგენითაა შესაძლებელი, რათა მისმა მშობლებმა სამომავლოდ იამაყონ იმით, რომ მან ყველაფერი გააკეთა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.