ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში, საცხოვრებელ უბანში, Air India-ს Boeing 787 Dreamliner ჩამოვარდა. ავიაკატასტროფამ 260 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 19 იმ ადამიანთაგან, ვინც შემთხვევის დროს მიწაზე, კერძოდ, სამედიცინო კოლეჯის ჰოსტელის მიმდებარედ იმყოფებოდა.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრები დღეს ტრაგედიის ადგილზე შეიკრიბნენ. მიუხედავად ხანგრძლივი მოლოდინისა, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რა გახდა ავიალაინერის კატასტროფის მიზეზი აფრენიდან სულ რამდენიმე წუთში.
ფრენების მონიტორინგის პლატფორმა Flightradar24-ის მონაცემებით, ბორტმა აფრენიდან რამდენიმე წამში, 190 მეტრის სიმაღლეზე, სიგნალის გადაცემა შეწყვიტა. მანამდე ეკიპაჟმა საჰაერო მოძრაობის კონტროლს განგაშის (mayday) სიგნალი გაუგზავნა.
კატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 242 ადამიანიდან 241 დაიღუპა. ერთადერთი გადარჩენილი ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეშია, რომელმაც ამ ტრაგედიისას ძმა დაკარგა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა შორის 169 ინდოელი და 52 ბრიტანეთის მოქალაქე იყო.
ინდოეთის საავიაციო უსაფრთხოების ბიურომ (AAIB) კატასტროფიდან ერთი თვის თავზე წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აფრენის შემდეგ ძრავების საწვავის მიწოდება შეწყდა. ეს ფაქტი პილოტების შესაძლო შეცდომის ვერსიას აჩენს, თუმცა მიზეზი — იყო ეს ტექნიკური გაუმართაობა თუ ადამიანური ფაქტორი — ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ძრავების დეტალურ ანალიზს ატარებს, რისთვისაც კომპონენტები აშშ-ში გაიგზავნა. ექსპერტების აზრით, საბოლოო დასკვნა შესაძლოა უახლოეს სამ თვეში გახდეს ცნობილი. მანამდე კი, საერთაშორისო საავიაციო წესების თანახმად, ხელისუფლება შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს, რასაც პილოტთა პროფესიული გაერთიანებები ეწინააღმდეგებიან, რადგან შიშობენ, რომ ეს მხოლოდ დამატებით სპეკულაციებს გამოიწვევს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.