ბელგრადის ქუჩები კვლავ ანტისამთავრობო პროტესტის ეპიცენტრად იქცა. ათიათასობით ადამიანი, რომელთა შორის უმრავლესობას სტუდენტები შეადგენენ, დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
საპროტესტო ტალღა სათავეს 2024 წლის ნოემბერში, ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიიდან იღებს. შემთხვევამ, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური მოძრაობა გააჩინა. მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მილოშ ვუჩევიჩს თანამდებობის დატოვება მოუწია, თუმცა დემონსტრანტები ამით არ დაკმაყოფილდნენ.
დაძაბულობა დედაქალაქში
აქციის მონაწილეები ბელგრადში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ჩავიდნენ. ხელისუფლებამ სცადა პროტესტის შეზღუდვა და სერბეთის სახელმწიფო რკინიგზამ შაბათს ბელგრადის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა. მიუხედავად ამისა, ათასობით მოქალაქემ დედაქალაქში ჩასვლა მაინც მოახერხა.
საღამოს ვითარება დაიძაბა. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეტაკებები მოხდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. პარალელურად, ადგილზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტ ვუჩიჩის მხარდამჭერებიც, რაც დაპირისპირების რისკს კიდევ უფრო ზრდიდა.
პოლიტიკური კრიზისი და საერთაშორისო რეაქცია
პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პროტესტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ხელისუფლება და მათთან დაახლოებული მედიასაშუალებები დემონსტრანტებს „ტერორისტებს“ და „უცხოეთის აგენტებს“ უწოდებენ. თავად ვუჩიჩმა განაცხადა, რომ არჩევნები, შესაძლოა, მიმდინარე წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართოს.
სერბეთში დემოკრატიული პროცესების უკუსვლა საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრშია. ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა უკვე გააფრთხილეს ოფიციალური ბელგრადი, რომ არსებულმა ვითარებამ შესაძლოა ქვეყანა 1.5 მილიარდი ევროს დაფინანსების გარეშე დატოვოს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ სერბეთის მთავრობის ქმედებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვითარებას მონიტორინგს გაუწევს.
სტუდენტებმა მოახერხეს ჩვენი გაერთიანება თავიანთი ენერგიით. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ნორმალურ პირობებში, - აცხადებენ დემონსტრანტები.
მიუხედავად მასშტაბური მხარდაჭერისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოძრაობას აკლია მკაფიო პოლიტიკური პლატფორმა და ერთიანი ლიდერი, რომელსაც პრეზიდენტ ვუჩიჩის დამარცხება შეეძლება. სტუდენტები აცხადებენ, რომ ბრძოლას არ წყვეტენ და მომდევნო არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლას გეგმავენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.