კანადის ხელისუფლებამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას ისახავს მიზნად. „ციფრული უსაფრთხოების აქტის“ მიზანია, დაიცვას ახალგაზრდები ონლაინ სივრცეში არსებული საფრთხეებისგან, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.
რა იცვლება კანადისთვის?
კანადის კულტურისა და იდენტობის მინისტრის, მარკ მილერის განცხადებით, სოციალური პლატფორმები და ხელოვნური ინტელექტის ჩათბოტები შექმნილია მომხმარებლის ყურადღების მაქსიმალურად მისაპყრობად. ეს კი, თავის მხრივ, ბავშვებში იწვევს შფოთვას, იზოლაციასა და დეპრესიას.
კანონპროექტი ითვალისწინებს ციფრული მარეგულირებლის შექმნას, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს დააწესებს. კომპანიებს, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, გლობალური შემოსავლის 3%-ით ან 10 მილიონი კანადური დოლარით (დაახლოებით 7.2 მილიონი აშშ დოლარი) დაჯარიმება ემუქრებათ.
უსაფრთხოების ახალი სტანდარტები
კანონპროექტი არამხოლოდ სოციალურ ქსელებს, არამედ AI-ტექნოლოგიებსაც ეხება. მთავრობა მოითხოვს, რომ პლატფორმებმა:
- იდენტიფიცირება გაუკეთონ პლატფორმაზე არსებულ საფრთხეებს;
- დანერგონ ასაკისთვის შესაბამისი დიზაინის მახასიათებლები;
- უზრუნველყონ კონტენტის დაბლოკვისა და შეტყობინების ეფექტური მექანიზმები;
- 24 საათის განმავლობაში წაშალონ თანხმობის გარეშე გავრცელებული ინტიმური შინაარსის მასალები.
ხელისუფლების განმარტებით, ალგორითმული რეკომენდაციები, ავტომატური დაკვრა და „უსასრულო სქროლვა“ მნიშვნელოვნად ამძაფრებს მავნე კონტენტის გავლენას მოზარდებზე.
„ბავშვების უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი საკითხი. ჩვენ ვხედავთ იმ სერიოზულ შედეგებს, რაც ონლაინ ზიანს მოაქვს“, — აღნიშნა მინისტრმა მარკ მილერმა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი პრაქტიკა უკვე დაინერგა ავსტრალიაში, სადაც გასული წლის ბოლოს 16 წლამდე პირებისთვის სოციალური ქსელების მოხმარება აიკრძალა. ანალოგიური რეგულაციების გამკაცრებას განიხილავენ საფრანგეთში, დანიაში, პოლონეთსა და საბერძნეთში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.