მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება ინგლისის ნაკრებისთვის მოულოდნელი ინციდენტით დაიწყო. კანსას-სიტიში, სადაც „სამი ლომის“ ბაზაა განთავსებული, გუნდის საწვრთნელი აღჭურვილობა დაიკარგა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ინვენტარი ფლორიდიდან, სადაც გუნდი მოსამზადებელ ეტაპს გადიოდა, მის საბაზო ცენტრში, „სვოუპ სოკერ ვილეჯში“ გადაჰქონდათ. აღჭურვილობა გუნდის ჩასვლამდე უნდა ყოფილიყო ადგილზე.

ბრიტანული მედიის ცნობით, მოპარულ ნივთებს შორის არის როგორც საფეხბურთო ბურთები, ისე მოთამაშეების სპეციალური ფეხსაცმელები. კანსას-სიტის ადგილობრივი პოლიცია უკვე აწარმოებს გამოძიებას. სამართალდამცავების განცხადებით, საქმე ეხება გუნდის მანქანიდან ნივთების ქურდობას.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ორი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. გამოძიება გრძელდება, თუმცა უცნობია, რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი გუნდის მომზადებაზე. ინგლისის ნაკრები ჩემპიონატის პირველ მატჩს ოთხშაბათს, დალასში, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.

ინგლისელი ფეხბურთელები კანსას-სიტიში შაბათს უნდა ჩავიდნენ. მანამდე გუნდი ფლორიდის ცხელ და ნოტიო კლიმატს შეეჩვია, სადაც ამხანაგური მატჩები ახალი ზელანდიისა და კოსტა-რიკის წინააღმდეგ გამართა.

კანსას-სიტი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქია. გარდა ინგლისისა, აქ ბაზირებას ახდენენ არგენტინის, ნიდერლანდებისა და ალჟირის ნაკრებებიც.