აშშ-ის ფედერალურმა ბიურომ (FBI) თეთრ სახლში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთა. სააგენტოს ხელმძღვანელის, ქეშ პატელის განცხადებით, უწყებამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.

გამოძიების დეტალები, რომლებიც სასამართლო დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ გახდა ცნობილი, შემაშფოთებელ სცენარს ასახავს. თავდამსხმელები გეგმავდნენ ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონების გამოყენებას, რასაც პანიკის დათესვა და ხალხის სნაიპერების პოზიციებისკენ მიმართვა უნდა მოჰყოლოდა. ამის შემდეგ, გეგმის თანახმად, მოხდებოდა თეთრი სახლის კარიბჭის შტურმით აღება.

როგორ გაიშიფრა შეთქმულება

გამოძიებისთვის გზის მიმცემი აღმოჩნდა 19 წლის ტაისენ პროპერის დაკავება ოჰაიოს შტატში. მისი დედა სამართალდამცავებს 10 ივნისს დაუკავშირდა, მას შემდეგ, რაც შვილის მიერ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და მისი საეჭვო ონლაინ აქტივობა შეამჩნია.

პროპერი TikTok-ის ჯგუფში, სახელწოდებით „Vanguard of the Old“, გაწევრიანდა, სადაც წევრები რადიკალურ რელიგიურ და ანტისამთავრობო განწყობებს ავრცელებდნენ. კომუნიკაცია მოგვიანებით დაშიფრულ აპლიკაცია Signal-ში გადავიდა. დაკითხვისას პროპერმა აღიარა, რომ ჯგუფი „რევოლუციის დაწყებას“ და „მაღალი რანგის მიზნების“, მათ შორის პოლიტიკოსებისა და მდიდარი პირების ლიკვიდაციას გეგმავდა.

ღონისძიების მასშტაბი

კვირას გამართულ ღონისძიებას, რომელიც აშშ-ის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად დაიგეგმა, თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე 4 300-ზე მეტი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. დამატებით 85 000-მა გულშემატკივარმა ივენთს ახლომდებარე ფან-ზონაში უყურა.

საბოლოო ჯამში, დაკავებულია ხუთი პირი. მიუხედავად ამისა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება, რადგან შესაძლოა, საქმეში ჩართული სხვა პირები ჯერ კიდევ თავისუფლებაზე იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებასთან ერთად გაეცნენ. ვენსმა აღნიშნა, რომ FBI-მ საქმის გასაჯაროება გადაწყვიტა თავდასხმის გეგმის განსაკუთრებული მასშტაბის გამო.