ისრაელსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა იზრდება. როგორც CNN-ი ისრაელელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ოფიციალურმა იერუსალიმმა ვაშინგტონს ირანთან მიმდინარე შეთანხმების დეტალური ტექსტის ნახვის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ამ ნაბიჯმა ისრაელი, როგორც აშშ-ს მთავარი მოკავშირე რეგიონში, გაურკვევლობაში დატოვა.
წყაროს ინფორმაციით, აშშ-ს ადმინისტრაციის უარი რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შიშია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმების შინაარსს ოფიციალურ გამოქვეყნებამდე გაასაჯაროებდა, რაც ვაშინგტონის დიპლომატიურ გეგმებს დააზიანებდა.
აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად ისრაელის მედიასაშუალებამ, i24 News-მა გაავრცელა. მიუხედავად ამისა, აშშ-ს ოფიციალური პირები გავრცელებულ ცნობებს უარყოფენ და მათ „არაზუსტს“ უწოდებენ. მათი მტკიცებით, ვაშინგტონი მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში რეგიონულ პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელთან, მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებოდა.
ნეთანიაჰუს პოზიცია
საკითხის ირგვლივ არსებულ გაურკვევლობას ნეთანიაჰუს ბოლოდროინდელი განცხადებებიც ადასტურებს. ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა შეთანხმების შესახებ საუბარს თავი აარიდა. კითხვაზე პასუხისას კი მან აღიარა, რომ ტრამპთან ყოველთვის არ აქვს შეთანხმებული პოზიცია.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება ეს შეთანხმება“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, რადგან ისრაელი ირანის ბირთვულ პროგრამასა და რეგიონულ გავლენას საკუთარი უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ განიხილავს. ვაშინგტონის მხრიდან დეტალების დამალვა მიანიშნებს მოკავშირეებს შორის ნდობის კრიზისზე.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.