აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად მხარეები წინასწარი შეთანხმების დეტალებს ათანხმებენ. დონალდ ტრამპის განცხადებით, ე.წ. „გაგების მემორანდუმი“ უკვე დიდწილად შეთანხმებულია, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია.

რას გულისხმობს გეგმა?

შეთანხმების ძირითადი ღერძი 60-დღიანი ზავია. ამ პერიოდის განმავლობაში, ირანი ვალდებულებას იღებს, გაწმინდოს ჰორმუზის სრუტე დადებული ნაღმებისგან და არ დააწესოს დამატებითი გადასახადები გემებისთვის. საპასუხოდ, აშშ 13 აპრილიდან მოქმედ ბლოკადას მოხსნის ირანულ პორტებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება. თუმცა, ირანული მედია ხაზს უსვამს, რომ სრუტეზე კონტროლს კვლავ თეირანი შეინარჩუნებს.

ბირთვული პროგრამა და სანქციები

შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ნაწილი ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. Axios-ის ცნობით, მხარეები განიხილავენ მოლაპარაკებების განახლებას ირანის ბირთვული ამბიციების შეზღუდვის შესახებ. თუმცა, ირანული წყაროები Reuters-თან საუბარში უარყოფენ, რომ თეირანი მაღალი გამდიდრების ურანის მარაგის გადაცემას დათანხმდა.

ამასთან, გარიგება ითვალისწინებს უცხოურ ბანკებში გაყინული ირანული აქტივების ნაწილის განბლოკვას. საინტერესოა, რომ შეთანხმების მიღმა დარჩა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და რეგიონული მოკავშირეების, მათ შორის „ჰეზბოლასა“ და ჰუსიტების მხარდაჭერის საკითხი.

სამხედრო დაპირისპირების დასრულება

გეგმის მიხედვით, საომარი მოქმედებები ყველა ფრონტზე უნდა შეწყდეს, მათ შორის ისრაელსა და ლიბანში. ვითარება კვლავ რჩება დინამიურ რეჟიმში და არ არის გამორიცხული, საბოლოო დოკუმენტში გარკვეული ასპექტები შეიცვალოს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მექანიზმებით მოხდება შეთანხმების პრაქტიკული აღსრულება.