ისრაელის პოლიტიკურ ლანდშაფტში ფუნდამენტური განხეთქილება იზრდება. ქვეყანაში, რომელიც რამდენიმე ფრონტზე აწარმოებს საომარ მოქმედებებს, მთავარ შიდაპოლიტიკურ გამოწვევად ულტრაორთოდოქსი ებრაელების სამხედრო სამსახურში გაწვევა იქცა. გასულ ღამეს, ათასობით ულტრაორთოდოქსმა ისრაელის ცენტრალური ქალაქების ქუჩები გადაკეტა, რითაც გააპროტესტეს თანამოაზრეების დაკავება, რომლებმაც ჯარში წასვლაზე უარი განაცხადეს.
მათი უარი სამხედრო სამსახურზე არ უკავშირდება ისრაელის მიმდინარე ომებისადმი მორალურ წინააღმდეგობას. ულტრაორთოდოქსებისთვის ჯარში მსახური რწმენის გაფერმკრთალებას ნიშნავს, რაც მათ თორას შესწავლას აშორებს.
პროტესტი ხშირად ძალადობრივი ხდება. დაშავებულია ათობით პოლიციელი და დემონსტრანტი, ათეულობით პირი კი დაკავებულია. ულტრაორთოდოქსული პარტიების, „შასისა“ და „გაერთიანებული თორას იუდაიზმის“ (UTJ) ზეწოლით, ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიცია ცდილობს, მიიღოს კანონი, რომელიც მათ სტუდენტებს სამხედრო გაწვევისგან სრულად გაათავისუფლებს.
პარლამენტარმა ისრაელ ეიხლერმა ამ კანონპროექტს „წმინდა ომი“ უწოდა მათ წინააღმდეგ, ვინც თორას სწავლას ეწინააღმდეგება. ამავდროულად, პოლიტიკური ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს საკითხი მომავალ არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. 1948 წელს სამხედრო სამსახურისგან მხოლოდ 400 სტუდენტი იყო გათავისუფლებული, დღეს კი მათი რაოდენობა 54 000-ს აღემატება.
ისრაელის უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის ივნისში ეს სისტემა უკანონოდ ცნო და გაწვევისკენ მოუწოდა. ექსპერტი ბენიამინ ბრაუნი განმარტავს, რომ ულტრაორთოდოქსები სახელმწიფო შეზღუდვებს „შემადის“ — რელიგიური დევნის ფორმად განიხილავენ. გამოკითხვების თანახმად, ისრაელელთა დაახლოებით 80% მხარს უჭერს ულტრაორთოდოქსების გაწვევას ან მათთვის სანქციების დაწესებას.
სოციოლოგიური გათვლებით, ულტრაორთოდოქსი მოსახლეობის წილი, მათი მაღალი შობადობის გამო, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ისრაელის საზოგადოებრივ სტრუქტურას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.