იაპონიაში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ. მიზეზი პოპულარული ანიმესა და მანგას გმირების სოციალურ ქსელებში პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა.

კამპანია მარტში დაიწყო, როდესაც თეთრი სახლის ოფიციალურმა არხმა გაავრცელა ვიდეოები, სადაც ირანზე განხორციელებული სამხედრო დარტყმების კადრები ანიმეების, „იუ-გი-ო“-სა (Yu-Gi-Oh!) და „დრაკონის ბურთის“ (Dragon Ball) ეპიზოდებთან იყო შერწყმული. ცოტა ხნით ადრე, იმავე პლატფორმაზე გამოქვეყნდა გამოსახულება, რომელზეც „Make America Great Again“ სლოგანი ვიდეო თამაშ „პოკემონის“ კადრს ფარავდა.

უკმაყოფილების ტალღა განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა Truth Social-ზე გააზიარა ვიდეო, სადაც საკუთარი თავი ანიმე „ნარუტოს“ მთავარ გმირად გამოსახა.

ონლაინ პეტიციას, რომელიც პრეზიდენტს იაპონური კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემისკენ მოუწოდებს, უკვე 20 000-მდე ხელმომწერი ჰყავს. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ანიმეს პერსონაჟები სიმამაცის, მეგობრობისა და შეუპოვრობის სიმბოლოებია და მათი პოლიტიკურ კონტექსტში ჩასმა ავტორების ჩანაფიქრს ეწინააღმდეგება.

პეტიციის ინიციატორი, 34 წლის ნანა სუზუკი, განსაკუთრებით „იუ-გი-ო“-ს შემქმნელის, კაზუკი ტაკაჰაშის ხსოვნას იცავს. „ტაკაჰაშიმ სიცოცხლე სხვისი გადარჩენის მცდელობისას დათმო. მტკივნეულია, რომ მისი კეთილშობილური სულისკვეთება სამხედრო კონტექსტში გამოიყენეს“, — განაცხადა სუზუკიმ.

საკითხს ოფიციალური გამოხმაურება მოჰყვა Pokémon Company International-ისგან. კომპანიის წარმომადგენელმა სრავანთი დევმა დაადასტურა, რომ თეთრ სახლს მათთვის პერსონაჟების გამოყენების ნებართვა არ უთხოვია. „ჩვენი მისია ხალხის გაერთიანებაა და ის არ არის დაკავშირებული არანაირ პოლიტიკურ დღის წესრიგთან“, — აღნიშნა მან.

მიუხედავად ამისა, იაპონელ ფანებს შორის ერთსულოვნება არ არის. ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ანიმეს გლობალური პოპულარობის დასტურია და უფასო რეკლამის ტოლფასია.