აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალი, Freedom 250, უნდა გაუქმდეს. პრეზიდენტის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ არაერთმა არტისტმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა მონაწილე არტისტებს „ზედმეტად ძვირი და მოსაწყენი“ უწოდა.

თავდაპირველად დაანონსებული ცხრა მუსიკალური აქტიდან, კვირის მონაცემებით, მხოლოდ რამდენიმე დარჩა სიაში. მათ შორის არიან Vanilla Ice, Milli Vanilli-ს წევრები და Flo Rida. მონაწილეობაზე უარი განაცხადეს Martina McBride-მა, The Commodores-მა, Young MC-მა და Bret Michaels-მა. არტისტების ნაწილი აცხადებს, რომ მათ ღონისძიების პოლიტიკური დატვირთვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

Young MC-მა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ მომღერლები ინფორმირებულნი არ იყვნენ „პოლიტიკური ჩართულობის შესახებ“. თავის მხრივ, Martina McBride-მა განაცხადა, რომ მას „არაპოლიტიკურ ღონისძიებაში“ მონაწილეობის შესაძლებლობა შესთავაზეს, რაც მოგვიანებით „შეცდომაში შემყვანი“ აღმოჩნდა.

Freedom 250, რომელიც Great American State Fair-ის კონცერტების სერიას უძღვება, აცხადებს, რომ ღონისძიება არაპოლიტიკურია. ორგანიზაცია გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციამ დააფუძნა. პრეზიდენტმა უკვე გააჟღერა იდეა, რომ ფესტივალის ნაცვლად, შესაძლოა, „Make America Great Again“ ტიპის აქცია გამართოს.

ტრამპის თქმით, ის განიხილავს „AMERICA IS BACK“ რალის ჩატარებას ვაშინგტონში, იმავე დროსა და ადგილას, სადაც ფესტივალი იყო დაგეგმილი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის სასურველია „ზედმეტად ძვირი მომღერლების“ ნაცვლად, დიდი პატრიოტული აქციის გამართვა.

აშშ-ის ხელისუფლება 250 წლისთავისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს, მათ შორის UFC-ის ბრძოლას თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე და ავტორბოლას ვაშინგტონში. ასევე დაგეგმილია სპეციალური სამახსოვრო პასპორტების გამოშვება, რომლებზეც ტრამპის პორტრეტი იქნება გამოსახული.