იორდანიის საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გამოვა. გუნდი, რომელსაც მაროკოელი მწვრთნელი ჯამალ სელამი ხელმძღვანელობს, ტურნირს მაღალი მოლოდინებით ხვდება. სელამს სურს, რომ მისმა შეგირდებმა 2022 წელს მაროკოს ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგი გაიმეორონ.
გუნდი ტურნირს კარგ ფორმაში ხვდება. იორდანიამ 2023 წლის აზიის თასის ფინალში ითამაშა, ხოლო 2025 წლის არაბთა თასზე ფინალში დამარცხდა. შესარჩევ ეტაპზე იორდანიელებმა 32 გოლი გაიტანეს, რაც მათი რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, გუნდს დანაკლისი აქვს — ტრავმის გამო ტურნირს გამოტოვებს თავდამსხმელი იაზან ალნემატი, რომელმაც კვალიფიკაციაში 8 გოლი მიითვალა.
ჯამალ სელამის გუნდი ტაქტიკურად დისციპლინირებულია და ორიენტირებულია სწრაფ კონტრშეტევებზე. მწვრთნელს სჯერა, რომ იორდანიას შეუძლია მსოფლიო ფეხბურთში სენსაცია მოახდინოს და დაამტკიცოს, რომ „პატარა“ გუნდებსაც შეუძლიათ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა.
გუნდის უდავო ლიდერი და მთავარი იმედი მუსა ტამარია. 28 წლის ნახევარმცველი, რომელსაც გულშემატკივრები „იორდანიელ მესის“ უწოდებენ, საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „რენში“ გამოდის. ის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში თამაშობს. ტამარის აქტივში 76 სანაკრებო მატჩში გატანილი 23 გოლია.
იორდანიის ჯგუფი საკმაოდ რთულია. გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ავსტრიას, ალჟირსა და მოქმედ ჩემპიონ არგენტინას შეხვდება. მწვრთნელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იორდანია ჯგუფში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდია, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.
იორდანიის მატჩების განრიგი (თბილისის დროით):
- 17 ივნისი: ავსტრია - იორდანია
- 23 ივნისი: იორდანია - ალჟირი
- 28 ივნისი: იორდანია - არგენტინა







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.