ბეირუთსა და თეირანს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. ლიბანის დედაქალაქზე ისრაელის ბოლოდროინდელმა დარტყმებმა, რომელიც თეირანისთვის „წითელი ხაზის“ გადაკვეთად ითვლება, ცხადყო, თუ რამდენად მყიფეა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ისრაელის საპასუხო დარტყმებმა ირანის ქალაქებზე, რეგიონში ორთვიანი შედარებითი სიმშვიდე დაასრულა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის ძალებმა ლიტანის მდინარე გადაკვეთეს, რომელიც ბუფერულ ზონად იყო განსაზღვრული.

ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა საჯაროდ გააკრიტიკა თეირანი და განაცხადა, რომ ირანი ლიბანს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში „ვაჭრობის საგნად“ იყენებს. აუნის თქმით, ქვეყანაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ დიპლომატიური გზითაა შესაძლებელი, რისთვისაც ბეირუთი ვაშინგტონში პირდაპირ კონტაქტებს ცდილობს.

საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ლიბანის პრეზიდენტს რეალური მტერი აერია. მისი თქმით, ირანს ლიბანის მიმართ გაცილებით უფრო კონსტრუქციული მიდგომა აქვს, ვიდრე ამას ბეირუთი აცხადებს.

ამავდროულად, ირანის შიგნით არსებული რადიკალური ფრთა მთავრობას უფრო მკაცრი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისრაელის სამხედრო კამპანია ლიბანში მიმართულია არა მხოლოდ „ჰეზბოლას“, არამედ ირანის რეგიონული გავლენის შესუსტებისკენ.

პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ „ჰეზბოლასა“ და ირანის საკითხები ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია. ისინი გეოპოლიტიკურ კლასტერს წარმოადგენენ, სადაც ნებისმიერი სამხედრო ესკალაცია პირდაპირ აისახება ირანის სტრატეგიულ პოზიციებზე.

ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ ვაშინგტონი ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის პირობებში ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფებები ლიტანის მდინარის სამხრეთიდან გაიყვანოს. თუმცა, „ჰეზბოლა“ პირდაპირ მოლაპარაკებებს ისრაელთან კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რაც რეგიონში დიპლომატიურ ჩიხს ქმნის.