სან-ფრანცისკოს ფედერალურმა სასამართლომ წერტილი დაუსვა ილონ მასკის კომპანია xAI-სა და OpenAI-ს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას. მოსამართლე რიტა ლინმა გადაწყვეტილება ორშაბათს გამოაცხადა და საქმე საბოლოოდ დახურა. ეს მასკის მორიგი მარცხია ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ მიმდინარე იურიდიულ ბრძოლაში.
სარჩელი, რომელიც თავდაპირველად გასული წლის სექტემბერში დარეგისტრირდა, xAI-ს პოზიციას ეფუძნებოდა. მასკის გუნდი ამტკიცებდა, რომ OpenAI-მ მათი ყოფილი უფროსი ინჟინერი, სუეჩენ ლი, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოსატანად გამოიყენა. საუბარი იყო Grok-ის ჩატბოტის შესახებ მონაცემებზე, რაც, მოსარჩელის თქმით, OpenAI-ს კონკურენციაში ეხმარებოდა.
სასამართლოს არგუმენტები
მოსამართლე ლინის განცხადებით, xAI-მ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ OpenAI-მ ლი კონფიდენციალური ინფორმაციის გასამჟღავნებლად წააქეზა. უფრო მეტიც, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამუშაო გასაუბრებისას კანდიდატისთვის წინა გამოცდილების შესახებ კითხვების დასმა სტანდარტული პრაქტიკაა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის გამო, რომ კანდიდატს მისი წარსული საქმიანობის შესახებ ჰკითხა“, - წერს მოსამართლე გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ საქმე „საბოლოოდ“ (with prejudice) დახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასკის კომპანიას ამავე მოთხოვნით სარჩელის თავიდან შეტანის უფლება აღარ აქვს. მოსამართლის თქმით, პროცესის გაგრძელება აზრიანი აღარ არის.
მასკის მეორე მარცხი
ეს გადაწყვეტილება ილონ მასკისთვის ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში მეორე იურიდიული მარცხია. მაისის შუა რიცხვებში, ფედერალურმა ჟიურიმ უარყო მასკის 150-მილიარდიანი სარჩელი, რომლითაც ის სემ ალტმანსა და OpenAI-ს „ქველმოქმედების მოპარვასა“ და არაკომერციული ორგანიზაციის მისიის ღალატში ადანაშაულებდა.
თავის მხრივ, OpenAI-მ კატეგორიულად უარყო ნებისმიერი ბრალდება. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ არასდროს მიუღიათ xAI-ს სავაჭრო საიდუმლოებები და ლი მათ კომპანიაში არასდროს დასაქმებულა. მათი თქმით, xAI-ს ბრალდებები მხოლოდ ბაზარზე წარუმატებლობითა და ნიჭიერი კადრების გადინებით არის განპირობებული.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.