ოლივია როდრიგო ლონდონის ჰემპსტედ ჰიტის პარკში, წვიმიან დღეს გვხვდება. მიუხედავად ცუდი ამინდისა, 23 წლის ვარსკვლავი ენერგიული და მომზადებულია. ის ახლახან მუშაობდა ახალ კომპოზიციაზე „Maggots For Brains“, რომლის გამოსვლამდე სულ რამდენიმე დღე რჩებოდა.
პარკი, სადაც ინტერვიუ ჩაიწერა, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. სწორედ აქ დაუნახავს მას ერთხელ ვინმეს ხელის თხოვნის ემოციური სცენა, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როდრიგო აღიარებს, რომ ოცნებობს მომავალში თავადაც მიიღოს ხელის თხოვნა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში.
მომღერალს უკვე შერჩეული აქვს თავისი ქორწილის სიმღერაც — ეს Modern English-ის „I Melt with You“ იქნება. როდრიგო ამბობს, რომ ამ სიმღერის ფონზე ჯვრისწერის შემდეგ დარბაზიდან გამოსვლა მისთვის იდეალური მომენტია.
მისი კარიერა, რომელიც „Sour“-ითა და „Guts“-ით დაიწყო, სავსე იყო გულის ტკივილისა და ბრაზის თემებით. თუმცა, ახალი ალბომი „You Seem Pretty Sad for a Girl So in Love“ უფრო კომპლექსურია. ეს არის სიყვარულის ისტორია, რომელიც დროთა განმავლობაში იშლება. ალბომში ის ცდილობს აღწეროს ურთიერთობის დასაწყისის ეიფორია, რომელიც მოგვიანებით ეჭვებსა და გაურკვევლობაში გადადის.
სიმღერა „Purple“ ალბომის გარდამტეხი მომენტია. თავდაპირველად ის ტკბილი და საყვარელი იყო, თუმცა მოგვიანებით, ახალი აკორდების დამატებით, მასში არასტაბილურობის შეგრძნება გაჩნდა. ანალოგიური ბედი ეწია „What’s Wrong With Me“-ს, რომელზეც მან თავის კუმირთან, რობერტ სმიტთან (The Cure) ერთად იმუშავა.
ოლივია როდრიგო აღიარებს, რომ დიდი წარმატების მიუხედავად, ის რჩება ჩვეულებრივ ადამიანად. მას უყვარს ლონდონური ცხოვრება, პაბებში სიარული და მეგობრებთან ურთიერთობა. იგი ასევე არ ერიდება საჯარო პოზიციების დაფიქსირებას ისეთ მწვავე თემებზე, როგორიცაა რეპროდუქციული უფლებები ან ჰუმანიტარული კრიზისები.
ინტერვიუს ბოლოს მან აღნიშნა, რომ აქვს სმენის 60%-იანი დაქვეითება მარცხენა ყურში, რაც მას ყოველდღიურობაში სირთულეებს უქმნის. ამასთან, ის მზადაა ახალი გამოწვევებისთვის, მათ შორის სამსახიობო კარიერის განახლებისთვისაც, თუ შესაფერისი როლი შეხვდება.
დღეს როდრიგო საკუთარ კარიერას სრულად აკონტროლებს. მან შეცვალა მენეჯმენტი და შექმნა საკუთარი კრეატიული გუნდი, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ნამუშევრები სრულად შეესაბამება მის ღირებულებებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.