პერუში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. კენჭისყრა იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ქვეყანა ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკვე მეცხრე ლიდერის არჩევას ცდილობს. პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფცია და დანაშაულის მაღალი დონე ამომრჩეველთა მთავარი საზრუნავია.

ამომრჩეველთა ნაწილი პროცესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. „ბევრია უწესრიგობა და კორუფცია, ამიტომ, როგორც ყოველთვის, „ნაკლები ბოროტების“ პრინციპით ვხმის მისაცემად მივდივართ“, — აცხადებს 67 წლის ლიმელი მოვაჭრე უგო ვასკესი.

მარჯვენა ფრთის კანდიდატი, ყოფილი პირველი ლედი კეიკო ფუჯიმორი, ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუჯიმორის მემკვიდრეობის დამცველად გამოდის. მისი საარჩევნო კამპანია უსაფრთხოების გამკაცრებას ეფუძნება. ფუჯიმორი „ტერორიზმის დამარცხებას“ და 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ჰპირდება მოსახლეობას.

მისი მეტოქე, მემარცხენე კონგრესმენი რობერტო სანჩესი, ყოფილი პრეზიდენტის, პედრო კასტილოს იდეოლოგიას აგრძელებს. სანჩესი ფოკუსირებულია სოფლისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაზე. ის პოლიციის რეფორმირებას, სიღარიბის დაძლევას და ახალი კონსტიტუციის შექმნას გეგმავს.

არჩევნების მიმდინარეობას ჩრდილს აყენებს ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე სასამართლომ რობერტო სანჩესის წინააღმდეგ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით საქმის აღძვრა გადაწყვიტა. მხარდამჭერები ამას პოლიტიკურ ჩარევად აფასებენ.

პირველი ტურის შემდეგ, სადაც 35 კანდიდატი მონაწილეობდა, კეიკო ფუჯიმორმა ხმების 17%, ხოლო სანჩესმა 12% მიიღო. პერუს კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა, თუმცა პირველ ტურში 7 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა არ მისცა, რაც მიუთითებს საზოგადოების დიდ ნაწილში არსებულ იმედგაცრუებაზე.