რუსეთის მიერ განხორციელებულმა მასშტაბურმა სარაკეტო და დრონების იერიშმა უკრაინაში სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდასხმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა კიევის ისტორიული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

Reuters

ოფიციალური მონაცემებით, დედაქალაქ კიევზე მიტანილი დარტყმების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. პარალელურად, ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ხარკოვში, სადაც რუსულმა ძალებმა ინფრასტრუქტურა დაბომბეს, ხანძრის ჩაქრობისას 5 მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს „ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ“ უწოდა. ტაძრის კედელზე აფეთქების შედეგად გაჩენილი დიდი ხვრელია ხილული, ნაწილობრივ ჩამონგრეულია სახურავიც. რუსეთი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს და ამტკიცებს, რომ დაზიანება აშშ-ის მიერ მიწოდებული „პატრიოტის“ რაკეტის არასწორმა მოქმედებამ გამოიწვია, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

თავდასხმების შედეგად კიევში 23-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო ხარკოვში დაშავებულთა რაოდენობა ხუთს აღწევს. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დარტყმების გამო დედაქალაქის 140 000-ზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქალაქში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთმა ღამის განმავლობაში 70 რაკეტა და 611 დრონი გამოიყენა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო ეს ქმედება და განაცხადა, რომ „არაფერი ამართლებს ასეთ თავდასხმას საყოველთაო მემკვიდრეობაზე“.

აღნიშნული თავდასხმები საფრანგეთში დაგეგმილი G7-ის სამიტის წინ მოხდა, სადაც უკრაინის ომის საკითხი მთავარი განსახილველი თემა იქნება. ზელენსკის თქმით, დასავლეთმა უნდა უპასუხოს „გადამწყვეტად და მნიშვნელოვნად“, რაც პირველ რიგში უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, კერძოდ, ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდებას გულისხმობს.

ამავდროულად, რუსეთის ქალაქ ტულაში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაჭრილთა შორისაა ერთი წლის ბავშვი. რუსეთის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ მათი „მასიური დარტყმების“ სამიზნე უკრაინის სამხედრო ობიექტები იყო.