ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში მასშტაბური ავიაკატასტროფა მოხდა. ქალაქის დასავლეთ გარეუბანში, რეკრეიო დოს ბანდეირანტესის თავზე, ორი შვეულმფრენი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ორივე საფრენი აპარატი ელექტრომობილების ავტოსადგომზე ჩამოვარდა. დარტყმის შედეგად ცეცხლი მოედო დაახლოებით 20 ავტომობილს.
სახანძრო სამსახურის სპიკერის, ფაბიო კონტრეირასის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ამის მიზეზი ელექტრომობილებში არსებული ლითიუმ-იონის ბატარეებია, რომლებიც წვისას ტოქსიკურ აირებს გამოყოფენ.
„ასეთი ტიპის ბატარეების აალება მკვეთრად ზრდის ცეცხლის ტემპერატურასა და ინტენსივობას. სტანდარტულ ავტომობილთან შედარებით, ელექტრომობილის ჩასაქრობად სამჯერ ან ოთხჯერ მეტი წყალია საჭირო“, — განაცხადა კონტრეირასმა.
სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა ერთ-ერთი შვეულმფრენის ნამსხვრევებში ხუთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მეორე შვეულმფრენი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით იპოვეს, სადაც მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა; ისიც დაღუპულია.
ოფიციალური პირების თქმით, კატასტროფის ადგილი მჭიდროდ დასახლებული რაიონია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა, შვეულმფრენები ავტოსადგომზე რომ არ ჩამოვარდნილიყო. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ფრენის ჩანაწერების ანალიზი, რათა დადგინდეს შეჯახების ზუსტი მიზეზი.
ბრაზილიაში შვეულმფრენების კატასტროფები შედარებით ხშირი მოვლენაა. აერონავტიკული შემთხვევების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრის (CENIPA) მონაცემებით, მიმდინარე წელს, ამ შემთხვევამდე, ქვეყანაში უკვე 84 საავიაციო ინციდენტი დაფიქსირდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.