აშშ-ის სამხედრო ძალებმა ვენესუელური კრიმინალური დაჯგუფების, Tren de Aragua-ს ლიდერი საჰაერო დარტყმის შედეგად გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავრცელებს.
„ჩემი დავალებით, აშშ-ის სამხრეთ სარდლობამ განახორციელა სწრაფი და სასიკვდილო დარტყმა ნინიო გერეროს გასანეიტრალებლად“, — წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ჰექტორ რასთენფორდ გერერო ფლორესი, რომელიც უფრო მეტად ნინიო გერეროს სახელითაა ცნობილი, ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლებოდა.
ტრამპმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს მწვანე შენობისა და მიმდებარე ნაგებობის აფეთქება. პრეზიდენტის თქმით, სამხედრო ოპერაცია ვენესუელის ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით დაიგეგმა. ვენესუელურმა მხარემ ოპერაციაში მონაწილეობა დაადასტურა და მას „ერთობლივი ქმედება“ უწოდა.
Tren de Aragua თავდაპირველად საპატიმროში ჩამოყალიბებული დაჯგუფება იყო, თუმცა გერეროს ხელმძღვანელობით ის ტრანსნაციონალურ კრიმინალურ სინდიკატად იქცა. ორგანიზაცია დაკავებული იყო მიგრანტთა ექსპლუატაციით, ადამიანებით ვაჭრობით, მკვლელობებითა და გატაცებებით. დაჯგუფებამ გავლენა გაავრცელა კოლუმბიაში, ეკვადორში, პერუსა და ჩილეში.
ცნობილია, რომ გერერომ ვენესუელის ტოკორონის ციხე საკუთარ „დასასვენებელ კომპლექსად“ აქცია, სადაც ზოოპარკი, რესტორნები და ღამის კლუბებიც კი იყო განთავსებული. 2023 წლის სექტემბერში ვენესუელის ხელისუფლებამ ციხის დასაბრუნებლად 11 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა, თუმცა ლიდერმა გაქცევა მოახერხა.
აშშ-ის ადმინისტრაციამ ჯგუფი „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა და მას „არარეგულარულ ომში“ ადანაშაულებს. იანვარში აშშ-ის ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადუროც დააკავეს, რომელსაც ბრალი სწორედ ამ დაჯგუფებასთან თანამშრომლობაში ედება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.