იაპონიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ლივერპულის ნახევარმცველი, ვატარუ ენდო, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. 33 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მიღებული ტრავმის გამო ტურნირზე გამოსვლას ვერ შეძლებს, რასაც მისი სანაკრებო კარიერის დასრულება მოჰყვა.

ეს გადაწყვეტილება იაპონიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია, განსაკუთრებით ნიდერლანდებთან დაგეგმილ ტურნირის სასტარტო მატჩამდე სამი დღით ადრე. ენდოს ნაცვლად, გუნდის განაცხადში მიონხენგლადბახის ბორუსიას ნახევარმცველი შუტო მაჩინო დაემატა.

ვატარუ ენდომ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა და აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებულია, თუმცა სრულად უჭერს მხარს თავის გუნდს F ჯგუფში, სადაც იაპონელებს ნიდერლანდების, ტუნისისა და შვედეთის წინააღმდეგ მოუწევთ ასპარეზობა.

„დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა იაპონია მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. მჯერა ამის და გუნდს გვერდში ვუდგები“, - წერს ენდო X-ზე. მან ასევე დაამატა, რომ მომავალში ნაკრებს რიგითი გულშემატკივრის სტატუსით უქომაგებს.

ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა თებერვლიდან გართულდა, როდესაც მან ლივერპულის შემადგენლობაში, სანდერლენდის წინააღმდეგ მატჩისას ფეხის ტრავმა მიიღო. 31 მაისს, ისლანდიასთან ამხანაგურ მატჩში ენდომ დაბრუნება მოახერხა, თუმცა მექსიკაში გამართულ მოსამზადებელ შეკრებაზე დისკომფორტი კვლავ იგრძნო.

მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს ნეშვილში, გუნდის ბაზაზე ვარჯიშებში მონაწილეობდა, ფორმის დროულად აღდგენა ვერ შეძლო. „ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემს ძალებში იყო, ამიტომ სინანული არ მაქვს“, - განაცხადა მან.

ვატარუ ენდო იაპონიის ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობდა. მან 73 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან კაპიტნის რანგში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გერმანიისა და ესპანეთის დამარცხებაში, რაც იაპონური ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული მომენტი იყო.