2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკაში იწყება, თუმცა ღაზის სექტორში ეს დღესასწაული მხოლოდ შორეულ და მიუწვდომელ მოგონებად რჩება. ღაზა სიტის განადგურებულ სტადიონზე ალი ტაფეში ყავარჯნებით დარბის და ბურთს თანაგუნდელებს გადასცემს. ისინი „ღაზ ალ-ირადას“ წევრები არიან — გუნდის, რომელიც კიდურებმოკვეთილი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა.

მათთვის ფეხბურთი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ სპორტი; ეს გადარჩენის მცდელობაა. ომმა, რომელმაც უკვე 73 000-მდე პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა, ადგილობრივი სპორტული ინფრასტრუქტურა მიწასთან გაასწორა.

ალი 24 წლისაა. ოთხი წლის წინ ის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს მეგობრებთან ერთად კაფეში უყურებდა. დღეს მისი რეალობა დაბომბვები და ყოველდღიური ბრძოლაა. 2024 წლის თებერვალში, საკუთარი სახლის დაბომბვისას, მან დედა და ძმა დაკარგა, თავად კი ფეხი მოიკვეთა. ყოფილი სპრინტერი ახლა ხელახლა სწავლობს ცხოვრებას.

„ტრანსპორტი არ არსებობს. მინდორამდე მისასვლელად ყავარჯნებით ორ საათზე მეტხანს მიწევს სიარული“, — ამბობს ალი. არ არის ფეხსაცმელი, არ არის დამცავი აღჭურვილობა, არ არის ელემენტარული პირობები. თუმცა, გუნდი მაინც აგრძელებს ვარჯიშს იმ მცირე რესურსით, რაც ხელთ აქვთ.

საადი ალ-მასრი, გუნდის 40 წლის წევრი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში დაშავდა, აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა დღეს შეუძლებელია. ის აკრიტიკებს ფიფას (FIFA), რომლის დაპირებები სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზე რჩება.

ფიფას გეგმები, რომელიც 50 მინი-მოედნისა და ხუთი სრულფასოვანი სტადიონის აშენებას ითვალისწინებს, ადგილობრივებისთვის ჯერჯერობით მიუწვდომელ ოცნებად რჩება. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამ პროექტების განხორციელება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

პალესტინის ფეხბურთის ასოციაციის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, 1 000-ზე მეტი სპორტსმენი, მწვრთნელი და მსაჯი დაიღუპა. განადგურდა 265 სპორტული ობიექტი, მათ შორის სტადიონები და საცურაო აუზები.

„ჩვენ გვინდა, მსოფლიომ დაინახოს, რომ პალესტინელებიც იმსახურებენ სიცოცხლეს“, — ამბობს საადი. დღეს, როდესაც მილიონობით ადამიანი ეკრანებთან მსოფლიო ჩემპიონატს უყურებს, ღაზის სპორტსმენები მხოლოდ მობილურ ტელეფონებში, ინტერნეტის გარეშე, ცდილობენ დაინახონ იმ სამყაროს ნაწილი, საიდანაც ისინი იზოლირებულნი არიან.